|
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მზის ენერგიის ბატარეები დამონტაჟდება. აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ”ჩვენ კოპენჰაგენში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მინისტრთან, დღეს უკვე ამ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგი გვაქვს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მზის ენერგიის ბატარეები დამონტაჟდება, რომელიც ჩვენ დაცულ ტერიტორიებში ინფრასტრუქტურის განვითარებას ძალიან დაეხმარება”,-განაცხადა ხაჩიძემ. დღესვე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტკვინსკიმ და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების მზის ბატარეის სისტემებს შეიძენს."ეს პროექტი არის მთლიანი პროგრამის ნაწილი, რომელსაც ახორცილებს ჩეხეთის მთავრობა საქართველოში რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდასაჭერად. პროექტი ორიენტირებულია ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებაზე, რაც ჩეხეთის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მთავარი მიზანია ეროვნულ პარკში მზის ბატარეების სისტემის დამონტაჟება და მისი შესწავლა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი კარგი იქნება, როგორც სადემონსტრაციო და საპილოტო მოდელი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მხარს უჭერს ალტერნატიური ენერგიის გამოყენებას, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად არსებული ენერგიის წყაროს, ასევე, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და სათბური გაზების მიტიგაციას. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება."-განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტვინსკიმ.
|