საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA-ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს.
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად პირველი ღონისძიება ზუგდიდში 12-13 ივლისს ჩატარდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს. სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობს მართვის აკადემიასთან, რომლის წარმომადგენელი შეხვედრაზე სამოტივაციო და ინფორმაციულ ლექციას ჩაატარებს მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ. სააგენტოს პროგრამის “ბიზნეს ინკუბატორის” გუნდის წევრები საკუთარი სტარტაპის გამოცდილებას გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე სამოტივაციო პრეზენტაციით წარსდგება წარმატებული დამწყები ბიზნესმენი, რომელიც თავის გამოგონებასა და იდეის რეალიზებაზე ისაუბრებს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდელებს ასევე გააცნობს ფინანსებთან წვდომის საუკეთესო ინსტრუმენტს და გამართავს,,სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაციას, რომელიც 17 ივნისიდან მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ამოქმედდა. პროგრამის მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის უქონლობის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.