22 ივლისს, 12 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე მორიგი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნება.
ამჯერად თბილისის სამხატვრო აკადემიის ფაბლაბი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
ფაბლაბი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ კორპუსში, ყიფშიძის ქუჩის 34 ნომერში განთავსდება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფაბლაბში ასევე იქნება საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს. ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2015 წელს ფაბლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე ე.წ. ფაბქვეყანა გახდა. ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს.
ამჟამად ფაბლაბები თბილისის გარდა ფუნქციონირებს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის და ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში. წლის ბოლომდე ფაბლაბის გახსნა იგეგმება ზუგდიდშიც.