Apple-მა iOS 10 განახლება გამოუშვა, რის შემდეგაც სოცაილურ მედიაში უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტები გამოჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ მათი iPhone და iPad მოწყობილობებზე ინსტალაციის პრობლემები წარმოიქმნა. ზოგიერთ მოწყობილობაზე განახლების შემდეგ მომხმარებლებს iTunes-ზე მიერთების მოთხოვნა გაჩნდა, რის შემდეგაც პროგრამული უზრუნველყოფის აღდგენა გახდა საჭირო. იხილეთ ბმული Apple-ის მხარდაჭერის პორტალზე სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნილია ეს პროცედურა.
Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Verge-ს განუცხადა “ჩვენ გვაქვს მცირე პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას, რომელიც მომხმარებლების მცირე რაოდენობას შეეხო განახლების გამოშვების პირველი საათის განმავლობაში. პრობლემა მალევე გამოსწორდა და ჩვენ ბოდიშს ვუხდით ამ მომხმარებლებს.” კომპანია ამბობს, რომ მომხმარებლებს უკვე უსაფრთხოდ შეუძლიათ მოწყობილობების განახლება iOS 10-მდე. რა თქმა უნდა ცუდია, როცა მოწყობილობა, რომლის განახლებაც პერსონალური კომპიუტერის გარეშეც უპრობლემოდ კეთდება ამ დროს შეცდომას დაუშვებს და მისი აღდგენა გახდება აუცილებელი.
მსგავსი პრობლემა რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა, როცა iOS 9.3.2 განახლების შემდეგ 9.7 დიუმიანი iPad Pro უსარგებლო ხდებოდა, რის გამოც ეს განახლება კომპანიამ დროებით შეაჩერა. უფრო უარესია, როცა პრობლემა ახალ, მაჟორულ განახლებაში ფიქსირდება ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა გამოასწორა ყველაფერი სანამ განახლებას დაიწყებთ აუცილებლად შეინახეთ თქვენი ინფორმაციის სარეზერვო ასლი.