გავიდა კიდევ ერთი საინტერესო წელი Google-ის ისტორიაში და ტრადიციულად მაისში კომპანიამ ჩაატარა Google I/O 2016, რომელზეც აჩვენა და დააანონსა ძალიან ბევრი საინტერესო რამ. მოდით, თანმიმდევრობით გავეცნოთ ტექნოლოგიური გიგანტის მიღწევებსა და მომავლის დაპირებებს.

Assistant

what-google-assistant-available-google-home-wants-get-done-you

კონფერენციის დასაწყიში კომპანიამ განაცხადა, რომ უფრო სასარგებლო უნდა გახდეს მომხმარებლებისთვის, უნდა შეეძლოს მათ ნებისმიერ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა, თუნდაც გარკვეული კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ კონკრეტული ფილმის რეჟისორს, შემდეგში სახელის თქმის გარეშე შეძლებთ გაიგოთ, თუ რა ჯილდოები აქვს მას მიღებული. Google Now ავტომატურად ამოიცნობს შეკითხვების აზრს და კონტექსტს.

Google-მა დემონსრაციისას უფრო რთული მაგალითიც აჩვენა: “რას შეიძლება ვუყუროთ დღეს? ბავშვებთან ერთად? როგორია შეფასებები?”  მას შემდეგ, რაც დაეთანხმებით ბილეთების შეძენას, შესყიდვა ავტომატურად განხორციელდება.

ასისტენტი თავისი შინაარსით უფრო ჭკვიანი და განვითარებული Google Now არის, რომელიც მაქსიმალურად ადამიანურია. მიუხედევად უფრო მეტი ეფექტურობისა, ვიდრე Siri, მასთან მუშაობა მაინც ხმოვან ბრძანებებს წარმოადგენდა, ვიდრე დიალოგს, ხოლო ახალი ასისტენტი გაცილებით მეგობრულია და მასთან კონტაქტი ურთიერთობის სახეს იღებს.

Google Home

google-home-device

ფარდა აეხადა კიდევ ერთ პროექტს, სახელწოდებით Google Home, რომელიც იგივე სახელის მქონე მოწყობილობასთან ერთად დაანონსდა. გაჯეტი წარმოადგენს მცირე კომპიუტერს, რომელსაც მიკროფონი, კამერა და დინამიკი აქვს. მას თქვენი ხმა ესმის და გიპასუხებთ ხმითვე ან შეასრულებს გარკვეულ მოქმედებებს.

კარგად არის რეალიზებული მისი ინტეგრაცია Chromecast-თან და სხვა ჭკვიანი სახლის მოწყობილობებთან. “ჩართე მუსიკა მისაღებში”  და “აანთე შუქი საძინებელში” შესაბამისად იქნება აღქმული. სისტემას კავშირი აქვს Ubet, Gett და სხვა სერვისებთან, რომელთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზრდება.

Google ფოტოები

კიდევ ერთხელ შეგვახსენეს საკუთარი ფოტოაპლიკაცია ღრუბლოვანი საცავით და რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობით. მაგალითად, მოთხოვნის შესაბამისად შეიძლება მხოლოდ თქვენი შინაური ცხოველის ან თქვენი სელფის ან თუნდაც თქვენი ძაღლის სელფების მოძებნა.

Allo მესინჯერი

allo-messenger-1

Google-ში გადაწყვიტეს ურთიერთობებში ემოციაზე გაეკეთებინათ აქცენტი, სწორედ ემოციური ფუნქციონალით არის დატვირთული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც  ზაფხულში გახდება ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის.

allo-screenshots

ემოციის გადაცემისთვის ტექსტისა და ემოჯის გარდა შესაძლებელი იქნება შრიფტის ზომის გაზრდა, რითაც ამა თუ იმ ემოციის ხაზგასმა იქნება შესაძლებელი. შეძლებთ გააგზავნოთ ფოტოები და მათზე იქვე მოაწერთო ხელი ან გააფორმოთ ნახატებით. Allo-ში ასევე იქნება ასისტენტი, რომელიც თქვენი ნებართვით გაანალიზებს საუბარს და შემოგთავაზებთ მისი გაგრძელების ვარიანტებს.

მესინჯერი არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ფოტოებსაც გაუკეთებს ანალიზს და მოლოდ მაშინ როცა 90%-ით იქნება დარწმუნებული, რომ ამოიცნო ფოტოზე გამოსახული ობიექტი შემოგთავაზებთ შესაბამის მოქმედებას. თუ საუბარი რესტორანში მაგიდის შეკვეთაზეა შესაბამისი ვარიანტები პირდაპირ ჩატის ფანჯარაში გამოჩნდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ასისტენტი დააკვირდება თქვენს ქცევასა და გატაცებებს, შესაძლებელი გახდება დაუსვათ მას უფრო რთული პირადი შეკითხვა, როგორიცაა “მოიგო თუ არა ჩემმა საყვარელმა გუნდმა?

გათვალისწინებულია დაცული ანონიმური რეჟიმი, რომლის ჩართვისას მიმოწერა არ შეინახება Google-ის სერვერებზე, დაიშიფრება მომხმარებლიდან მომხმარებლამდე და დანიშნული დროის მერე გაქრება მოწყობილობებიდან.

Duo

duo

Allo-ს გარდა წარმოადგინეს ცალკე აპლიკაცია ვიდეო ზარების განხორციელებისთვის, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. ერთი ეს არის ზარის ძალიან სწრაფად წამოწყების საშუალება და მეორე რეჟიმი “კაკუ-კაკუ”, რომლის დროსაც თანამოსაუბრის ვიდეო დაკავშირებამდე ჩნდება, რომ პასუხის გაცემამდე დაინახოთ, თუ რა ხდება კავშირის მეორე მხარეს.

duo-screenshot

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია სერვისების ევოლუცია, რადგანაც ყველაფერი Google Talk-ით დაიწყო და გაგრძელდა Hangouts-ში, რომელმაც სრულფასოვანი მხარდაჭერა ვერ მიიღო სამაგიდო საოპერაციო სისტემებში, როგორიცაა WIndows და OS X, რასაც იმედია, გამოასწორებს მწარმოებელი და ყველა პლატფორმაზე ღირსეულად წარსდგება.

Android N

andoid-n-1

რა თქმა უნდა, წარმოადგინეს Android N და მომხმარებლებს შესთავაზეს მოეფიქრებინათ მისთვის სახელი, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ თვითონ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. სიახლეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია საოპერაციო სისტემის განახლების კარდინალურად განსხვავებული მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს მეტ კომფორტს შეუქმნის იმით, რომ სისტემის განახლება მოხდება ტელეფონის გადატვირთვამდე, რის შემდეგაც პირდაპირ ჩაირთვება უკვე განახლებული საოპერაციო სისტემა ყოველგვარი აპლიკაციების ჩატვირთვისას ოპტიმიზაციის გარეშე.

დეველოპერებმა შეამჩნიეს, რომ ერთი აპლიკაციიდან მეორეზე გადასვლისას მომხმარებელი იშვიათად გადადის მეშვიდე აპზე შორს, ამიტომაც ბოლოს გაშვებული ამოცანების ბარათები 7-მდე შეამცირეს და ბოლო ორ აქტივობას შორის გადართვა Recent Apps-ზე ორმაგი შეხებით გახადეს შესაძლებელი.

მრავალამოცანიანი რეჟიმი ახლა უკვე ხელმისაწვდომია Chromecast/Android TV-ში, რა დროსაც შეგიძლიათ ერთდროულად უყუროთ გადაცემას, ვიდეოს და ეძებოთ რამე Play მაღაზიაში.

დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი ბეტა ტესტირების პროცესი უკვე დაიწყო და მხოლოდ Nexus-მოწყობილობებზე შეგიძლიათ ახალი საოპერაციო სისტემის ფუნქციონალის დაგემოვნება და თქვენი აპლიკაციების განახლება მისი ფუნქციონალის შესაბამისად.

Android VR

daydream

Google-მა აღნიშნა Cardboard VR ჩაფხუტების წარმატება და განაცხადა ახალი DayDream  პროექტის გაშვების შესახებ, რომელსაც სანიმუშო დიზაინი აქვს. მასთან სამუშაოდ სმარტფონი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, თუმცა ეს პრობლემა არ იქნება, რადგანაც Google მოლაპარაკებებს აწარმოებს ვენდორების უმრავლესობასთან, რომ უზრუნველყონ DayDream-ის ბაზაზე გამოშვებული მოწყობილობების მხარდაჭერა. ამის გარდა დაგვპირდნენ, რომ ვირტუალურ რეალობაზე მორგებული ფილმები, თამაშები და აპლიკაციები ძალიან მალე გამოჩნდება Play Store-ში.

Android Wear 2.0

android-wear-screen

Wear 2.0-ის უმთავრესი განახლება მისი სრული ავტონომიურობაა სმარტფონისგან. თუ თქვენი საათი მიერთებული იქნება ინტერნეტთან, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას. გააგზავნით შეტყობინებებს, მოუსმენთ Spotify-ს და დაარეგისტრირებთ თქვენს სპორტულ აქტივობებსაც. დაემატა ინფორმაციის შეყვანის სამი მეთოდი, წინასწარ გამზადებული პასუხები, ხელნაწერის შეყვანა და ჩაშენებული კლავიატურაც კი.

მობილური Chrome

chrome-android

რა თქმა უნდა, Chrome გვთავაზობს საიტების მობილური ვერსიების შექმნის პრინციპებს და რამდენიმე პოპულარული საიტი, როგორიცაა AliExpress გვთავაზობს ამ ფუნქციონალით სარგებლობას. ასეთი საიტები 4-ჯერ უფრო სწრაფად იტვირთება და ხელმისაწვდომია ოფლაინ რეჟიმში და შეტყობინებებსაც აგზავნის.

Android Instant Apps

android-instant-apps

წარმოიდგინეთ, რომ გამოგიგზავნეს ბმული საინტერესო კონტენტზე, რომელიმე აპიდან, როგორიცაა Buzzfeed, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ეს აპლიკაცია დაყენებული. ახლა უკვე ბმული გაიხსნება სწრაფ აპლიკაციაში, რომელშიც ყველა უმთავრესი ფუნქციონალი ხელმისაწვდომია და თუ გაგიჩნდებათ სურვილი შედგომშიც ისარგებლოთ მისით, შეძლებთ დაყენებასაც. ასევე შეძლებთ პირდაპირ იყიდოთ კონტენტი ან შეუკვეთოთ ნივთი აპლიკაციის ინსტალაციის და ხანგრძლივი რეგისტრაციის პროცესის გარეშე. რაც მთავარია, ახალი ფუნქციონალი თავსებადია Android 4.1 ვერსიიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Google ანგარიშს უწევს იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი მოწყობილობა დღემდე არ განახლებულა საოპერაციო სისტემის აქტუალურ ვერსიამდე.

Google I/O 2016 არ იყო რევოლუციური, მაგრამ ევოლუცია სახეზეა. Google-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინტერნეტ ძიების და რეკლამის გიგანტი, მობილური საოპერაციო სისტემების, ინტერნეტ ტექნოლოგიების ლიდერი გახდა და ახლა უკვე ნივთების ინტერნეტსა და ხელოვნური ინტელექტის სფეროშიც აღწევს სერიოზულ სიმაღლეებს.

წინა სტატიაGoogle-მა Chromebook-ები Android ლეპტოპებად აქცია
შემდეგი სტატიაMoto G4, G4 Plus, G4 Play – საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი