საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ.
მხარეთა თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კავკასიის უნივერსიტეტი სააგენტოსთან თანამშრომლობით გეგმავს სასწავლო პროცესის ბიზნესის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე სტუდენტების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და პროექტების შექმნა/შემუშავების ხელშეწყობასა და ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირებას.
სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, განხორციელდება პრე-აქსელერატორის პროგრამა. იგი სტუდენტებს უზრუნველყოფს ბიზნეს ტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსით.