მერვე თაობის სათამაშო კონსოლებიდან რეალურად სამის გამოყოფა თუ შეიძლება: Nintendo-ს აზიაზე (უფრო ზუსტად კი იაპონიაზე) ორიენტირებული Wii U, Sony-ს PlayStation 4 და რა თქმა უნდა, Microsoft Xbox One. ამ უკანასკნელმა საკმაო წარმატება ჰპოვა და გამოსვლის თარიღიდან დღემდე სამი მილიონი ერთეულიც კი გაიყიდა, თუმცა ბესტსელერობამდე კვლავ ბევრი აკლია. Xbox One პირველი მერვე თაობის კონსოლია, რომელიც აპარატურულად განახლდა. Microsoft-მა E3-ზე წარადგინა Xbox One S – შეცვლილი დიზაინით, რამდენიმე დამატებითი, თუმცა მნიშვნელოვანი ოფციით და ფაქტობრივად იგივე ფასით.

xbox-one-s_04-57612012b384a

რეალურად Xbox One S-ის გამოშვების აუცილებლობა არა თამაშების აპარატურული მოთხოვნებისადმი ზრდამ განსაზღვრა, არამედ ბაზარზე 4K გარჩევადობების მქონე ტელევიზორების მოძალებამ. მართალია, CPU და GPU კომპონენტებს გარკვეული აფგრეიდი შეეხოთ, თუმცა კარდინალურ ცვლილებებზე საუბარიც ზედმეტია. ამას ემატება Project Scorpio-ს დაანონსება, რომელიც 2017 წლისთვის იხილავს დღის სინათლეს და Xbox One S-ში დარჩენილ აპარატურულ უკმარისობებს საბოლოოდ აღმოფხვრის ბევრად მძლავრი გამომთვლელი  და ვიდეო ჩიპებით.

edmonton2t_gamespecialty-module_960x300

პირველ რიგში, Xbox One S-ის შემთხვევაში თვალშისაცემია დიზაინი – იგი რადიკალურად არის შეცვლილი. Xbox One S მთელი 40%-ით უფრო პატარაა, ვიდრე Xbox One. მოცემულ შემთხვევაში Microsoft-ს ნამდვილად ეკუთვნის შექება, რადგან მისმა ინჟინრებმა შეძლეს კონსოლის ზომის ლამის განახევრება ისე, რომ გარე კვების ბლოკი გადაანაცვლეს კორპუსში. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა ბედი ელის გაგრილების საკითხს? Xbox 360-დან გამოყოლილი მწარე გამოცდილებამ, რომელსაც „სიკვდილის წითელ წრედ“ უფრო იცნობენ ფართო მასები, კომპანია აიძულა ეფიქრა ვენტილაციის და თბოაცილების უფრო ეფექტურ საშუალებაზე და ამ მხრივ პრობლემაც მოიხსნა. Xbox One S საკმაოდ კარგი გაგრილების სისტემით გამოირჩევა და მისი ვენტილატორიც ასევე სავსებით ჩუმია, მიუხედავად დატვირთვისა. ზომების შემცირებამ Xbox One S უფრო პორტაბელური გახადა. ახლა უკვე შესაძლებელია კონსოლის ზურგჩანთაში მოთავსება, ასევე იგი ნაკლებ ადგილს იკავებს სათამაშოდ გამოყოფილ კუთხეში. შეიცვალა ფერიც – Xbox One S-ში თეთრი დომინირებს და შავს მხოლოდ მცირე ნაწილი უკავია, მაშინ როცა Xbox One მთლიანად შავი გახლდათ ქრომირებულის მსგავსი ელემენტებით. კიდევ ერთი ოფცია – ამჯერად კონსოლის ვერტიკალურ პოზიციაში დადგმაც შეიძლება, ამისათვის მას სპეციალური სადგამიც კი მოჰყვება. Xbox One S-ის წინა პანელზე ერთადერთი USB პორტია განლაგებული, ხოლო ორი კი უკანა პანელს ამშვენებს. უკანა პანელზევეა ორი HDMI პორტი, Ethernet ინტერფეისი, IR out ბუდე და S/PDIF გამოსასვლელი მაღალი ხარისხის ხმის მოყვარულთათვის. დაიხვეწა კონტროლერი, რომელიც Xbox One-ის შემთხვევაში დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახალი Xbox One S კონტროლერი კი უფრო ერგონომიულია.

4K რეზოლუციის მხარდაჭერისთვის Microsoft-მა ახალი Xbox One S 4K Blu-ray ფლეიერით აღჭურვა, რაც ძალიან კარგია, თუმცა პირდაპირ მისი ამუშავება არ გამოდის. მარტივად რომ ვთქვათ, 4K რეზოლუციის მიღება Xbox One S-დან მხოლოდ Windows Anniversary  განახლების მიღების შემდეგ ხერხდება. ეს ეხება HDR-საც, თუმცა ეს უკანასკნელი შემოდგომამდე მაინც უსარგებლო ფუნქციად რჩება, რადგან მხოლოდ ამ დროისათვის იგეგმება ამ ოფციის დამატება თამაშებში. 4K რეზოლუციის დამატებამ, ბუნებრივია, უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკის საჭიროებაც გააჩინა და შესაბამისად, Xbox One S უკვე 2 ტერაბაიტი მოცულობის HDD-ით გამოდის.

წინა სტატიაMeizu Pro 5 – სმარტფონი Ubuntu Phone ოპერაციული სისტემით
შემდეგი სტატიავორქშოფი პროგრამაზე „ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარება“

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი