ერთ თვიანი ანონსებისა და ჭორების შემდეგ Android-ის შემქმნელმა ენდი რუბინმა მისი ახალი კომპანიის მიერ წარმოებული Essential სმარტფონი წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო ეს უკომპრომისო მოწყობილობაა საუკეთესო ტექნიკური მონაცემებით და დახვეწილი ინდუსტრიული დიზაინით. მთავარი მასში ეკრანია, რომელსაც ზევიდან მხოლოდ მცირე ზოლი აქვს სადაც სელფის კამერაა განთავსებული. ტელეფონი ტიტანისა და კერამიკის კორპუსითაა, რომელიც კომპანიის თქმით გამძლეობაში აჯობებს ბაზარზე არსებულ ალუმინის ტელეფონებს.

მონაცემები ჩვეულებრივი ფლაგმანური Android სმარტფონისაა: Qualcomm Snapdragon 835 პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული, 3040 მილიამპერიანი ბატარეა და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. უფრო დამაინტრიგებელია ორი ხვრელი უკან, რომელიც დამატებით აქსესუარებისთვისაა განკუთვილი. უკვე არსებობს ციცქნა 360 გრადუსიანი კამერა, რომელსაც სფერული UHD ვიდეოს გადაღება შეუძლია 30 კადრი წამში სიხშირით. რა თქმა უნდა იქნება დამტენი დოკი, მათთვის ვისაც სმარტფონის დამუხტვა კაბელით არ უყვარს. მთავარი კონცეფცია ახლოსაა Moto Mods-ებთან, რომლებიც Moto Z სერიებში გამოიყენება.

Essential-ის მთავარი კამერა საკმაოდ მაღალი ტექნიკური მონაცემებით გამოიჩევა და Huawei P9/P10-ის კონცეფციას იყენებს, რომელიც ცალკე შავ-თეთრ სენსორს იყენებს. რა თქმა უნდა შეიძლება მისი მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების გადაღებისთვის გამოყენებაც და ფერად სენსორთან ერთად დაბალი განათების პირობებში ის შესანიშნავ ფოტოებს გადაიღებს. სელფი კამერა 8 მეგაპიქსელიანი სენსორია, რომელსაც ასევე 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია.

სმარტფონი Android Nougat 7.1.1-ის მართვის ქვეშ მუშაობს. სქრინშოტებზე ჩანს სუფთა (სთოქ) აპლიკაციები თუმცა ჯერ არ არის ცნობილი არის თუ არა მასში დამატებითი აპლიკაციები. ტელეფონი ასევე მზად არის იმუშაოს Home პლატფორმასთან, რომელიც ჭკვიანი სახლის მოწყობილობაა და Ambient OS-ზე მუშაობს. ჭკვიან დინამიკს აქვს მრგვალი ეკრანი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა, ონლაინში ძიება, თაიმერების დაყენება და ყველაფერი რასაც Amazon Echo-ს მსგავსი მოწყობილობისგან მოელით.

სმარტფონს არ აქვს 3.5 მმ. ყურსასმენების ჯეკი და მას სპეციალური გადამყვანი მოყვება იმისთვის, რომ ტრადიციული მოწყობილობები შეაერთოთ. ტელეფონი ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: შავი მთვარე, კოსმიური ნაცრისფერი, თეთრი და ოკეანის სიღრმეები. სიახლის ფასი 699 დოლარია ხოლო 749 დოლარიან ვარიანტს 360 გრადუსიანი კამერაც მოყვება. ტელეფონის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, თუმცა უცნობია მიტანის თარიღი.

 

წინა სტატიაIntel Core i9 და ახალი პროცესორების ოჯახი Core X
შემდეგი სტატიაAMD Ryzen Threadripper: 16 ბირთვიანი პროცესორი 64 ხაზით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი