ფლაგმანების მკვლელის გამოსვლიდან უკვე ერთი კვირა გავიდა და ამ დროში მოწყობილობამ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება და მასიური კრიტიკაც დაიმსახურა. ყველაზე მეტად მოწყობილობას iPhone-ის მსგავსების, დაბალი გარჩევადობის ეკრანის, ორმაგი ზუმის და ბენჩმარკების ფალსიფიკაციას აბრალებენ. რა თქმა უნდა OnePlus ვალდებული იყო ეპასუხა კრიტიკაზე და კომპანიის პოზიციების დაცვა ამჯერად გენერალურმა დირექტორმა პიტ ლაუმ გადაწყვიტა, რომელმაც სცადა აეხსნა ყველა სადაო საკითხი OnePlus 5-თან დაკავშირებით.
ყველაზე სერიოზული პრეტენზია მომხმარებლების მხრიდან “ხულიგნობაა” რომლის წყალობითაც OnePlus 5 ბენჩმარკების ჰიტი გახდა. გაირკვა რომ მაღალი შეფასებები სპეციალური ხრიკით მიიღწევა, როდესაც ბენჩმარკის მიმდინარეობისას “სუსტი ბირთვების” სიხშირე ხელოვნურად იზრდება. პიტ ლაუს განცხადებით ეს იმიტომ კეთდება, რომ პროცესორის სრული პოტენციალი იქნეს გამოყენებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ე. წ. ოვერქლოქინგთან. ლაუს თქმის მხოლოდ ასე შეძლებდა კომპანია ეჩვენებია OnePlus 5-ის რეალური შესაძლებლობები და აქ პრობლემას ის საერთოდ ვერ ხედავს.
რაც შეეხება დაბალი გარჩევადობის ეკრანს ლაუმ აქაც მოძებნა გასამართლებელი საბუთი. მან რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის, რომ 2017 წელს Full HD ეკრანის მქონე ფლაგმანის გამოშვება არ გამოიყურება სოლიდურად, მაგრამ მისი აზრით ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. OnePlus-ის გენერალური დირექტორი თვლის, რომ გაშვერილი ხელის მანძილზე თითქმის შეუძლებელია Full HD და QHD ეკრანებს შორის განსხვავების დანახვა, სამაგიეროდ ასეთი ეკრანები გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ლაუს სიტყვებით კომპანიის მთავარი ამოცანა არ არის ტოპ მახასიათებლების მიღწევა და მათი მიზანია ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც სხვებზე უკეთ იმუშავებს.
პიტ ლაუმ დიზაინთან დაკავშირებულ პრეტენზიებზეც გასცა პასუხი და აღმოჩნდა, რომ მისი აზრით პლაგიატში ბრალდება უსაფუძვლოა. მან თქვა, რომ მსგავსი ბრალდებები მას OnePlus One-ის გამოსვლიდან ესმის, რომელმაც ლაუზ აზრით თავის დროზე ძალიან დიდი ნეგატივი მიიღო დიზაინის გამო, მაგრამ საბოლოდ ყველასგან აღიარებულ კლასიკად იქცა. ლაუ დარწმუნებულია, რომ OnePlus 5, რომელსაც iPhone 7 Plus-ის ჩინურ კლონსაც კი ეძახიან იგივე ბედი ელის. თამამი განცხადებაა, თუმცა ყველაფერი დროთა განმავლობაში გაირკვევა.
ორმაგი კამერის დაუხვეწაობა ლაუმ იმით ახსნა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ნედლია და განვითარებას საჭიროებს. ის თვლის, რომ 16 და 20 მეგაპიქსელიანი მოდულების კომბინაცია საუკეთესო გამოსახულების გარანტიაა. ის, რომ 4k ვიდეოს სტავილიზაცია პირველივე სერიოზული პროგრამული განახლებით ჩაირთვება. პიტმა დაამატა, რომ იგივე განახლება მოაგვარებს OnePlus 5-ის Wi-Fi ქსელებთან მუშაობის პრობლემებსაც, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს აწუხებს უკვე.
OnePlus 5-ის მიმართ პრეტენზიები მტვრისაგან და სითხისაგან დაცვის არქონის გამოც აქვთ ექსპერტებს, მაგრამ აქ დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი დაცვა სმარტფონს გაასქელებდა და დაამძიმებდე კიდევაც, რაც მაღალი დაცულობის შემთხვევაში გარდაუვალია. მან ასევე აღნიშნა, რომ OnePlus 5-ს შეუძლია გაუძლოს გარკვეული რაოდენობის წყლის ნაკადს, თუმცა კომპანიას ურჩევნია არ დაარეკლამოს ეს შესაძლებლობა. პიტი თვლის, რომ დაცვის მაღალი სტანდარტები საგრძნობლად გაზრდიდა სმარტფონის ფასს, რომელიც ისედაც კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებული გაჯეტია.
დიახაც, რომ ფასი გახდა მომხმარებლების მთავარი იმედგაცრუების მიზეზი. ბევრი ხუმრობს, რომ თანამედროვე ძვირად ღირებული ფლაგმანების ალტერნატივა თვითონ გახდა ძვირად ღირებული. OnePlus 5-ის ფასის გაზრდას ლაუ კომპონენტებზე ფასების ზრდას უკავშირებს. მან აღნიშნა, რომ მოწყობილობის შეფუთვაც კი საგრძნობლად ძვირი დაუჯდა კომპანიას წინა მოდელებთან შედარებით.
ბოლოს ლაუმ თქვა, რომ მიუხედავად კრიტიკის ქარ-ცეცხლისა OnePlus განაგრძობს მუშაობას იდეალური Android ფლაგმანის შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით microSD ბარათებზე უარის თქმა იქნება. მას მიაჩნია რომ ეს ტექნოლოგია ნეგატიურად აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე, რადგანაც ამ ბარათების უმრავლესობა საგრძნობლად ნელია შიდა მეხსიერებასთან შედარებით, რომლის გაზრდაც მომავალი მოწყობილობების მთავარი პრიორიტეტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ OnePlus 5 უკვე დღეს გამოვიდა ღია გაყიდვაში.