1999 წლის 26 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, საქართველოს ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს მიერ საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა” (GRENA) დაფუძნდა.

ასოციაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის „გრენა”-ს აღმასრულებელ დირექტორს რამაზ ქვათაძეს გავესაუბრეთ:

-„გრენა“ შემდეგი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა; სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში; სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება; მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება; ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომხმარებლებს და ვინ არიან ისინი?

-„გრენა“-ს ქსელური სერვისების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, აღვნიშნავ მხოლოდ ძირითადს: ინტერნეტ მომსახურება, ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-ში ჩართვა, eduroam საგანმანათლებლო ინტერნეტ როუმინგი და სხვა. მზარდ მოთხოვნად სერვისს წარმოადგენს დაცული ვებ-ჰოსტინგი და ვირტუალური სერვერები. ასოციციაცია აგრეთვე არის ზედა დონის .GE და .გე დომენის რეგისტრატორი. ”გრენა” გახლვათ მსოფლიოს სხვადასხავა წამყვანი კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების გაყიდვების ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში. ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს GRID ტექნოლოგიაზე (განაწილებული გამოთვლები) დაფუძნებული კლასტერი GE-01-GRENA, რომელიც გაერთიანებულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში. სამეცნიერო ჯუფებს, რომელთაც გააჩნიათ კვლევითი ამოცანები, რომელთა გამოთვლისთვის საჭიროა განსაკუთრებით მაღალი წარმადობის კომპიუტერული რესურსები, “გრენა” შესაძლებლობას აძლევს გამოიყენონ საკუთარი და ევროპის ქვეყნების გამოთვლითი ინფრასტრუქტურა. ასოციაციის ქსელური სერვისები განკუთვნილია უნივერსიტეტებისა და სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. სხვა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. „გრენა“-ს სერვისებით სარგებლობს 150-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, პალიტრა ჯგუფი და სხვა.

ვინ არიან ასოციაციის პარტნიორები?

-საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი სერვისები ინერგება და პროექტები ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. „გრენა“-ს პარტნიორები არიან ევროპის სამეცნიერო ქსელი GEANT, ევროპის GRID ინიციატივა, ლინუქსის პროფესიული ინსტიტუტი LPI, Cisco-ს და Juniper-ის ქსელური აკადემიები,Team Cymru, Trusted Introducer TI, Pearson VUE-ს საგამოცდო ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.

რა ტიპის სწავლებაა თქვენთვის პრიორიტეტული საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით?

-„გრენა“-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი, წარმატებული გამოცდილება გააჩნია. სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: Cisco-ს ქსელურია კადემია; Linux Professional Institute-ის სწავლების ცენტრი; Juniper-ის ქსელური აკადემია; Oracle-ს სერტიფიცირებული კურსები. ყველა მიმართულებით სწავლება ხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული ინსტრუქტორების საშუალებით. „გრენა“-ში აგრეთვე ფუნქციონირებს Pearson VUE-ს ავტორიზირებული საგამოცდო ცენტრი.

როგორ გესახებთ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა?

-„გრენა“ აქტიურად არის  ჩართული ქვეყანაში სინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამოჭრილი საკითხების განხილვაში. იგი ნაყოფიერად თანამშრომლობს ინტერნეტ საზოგადოებასთან ISOC და უნივერსიტეტებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში განათლების სრულყოფის საკითხებზე. ასევე ყურადღება ექცევა სერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და შეხვედრების ორგანიზებას და მათში აქტიურ მონაწილეობას.

კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორ შეაფასებდით საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას და ამ მხრივ თქვენი აქტივობების შესახებაც გვიამბეთ.

-კიბერუსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არის გარკვეული პროგრესი, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებას. ამის კარგი მაგალითია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE-ს საქმიანობა. მიუხედევად ამისა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ქვეყანაში დიდ პრობლემად რჩება არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების მაღალი დონე და საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი კიბერ საფრთხეებთან დაკავშირებით. „გრენა“-ს კომპიუტერული უსაფრთხოების რეაგირების ჯგუფი CERT-GE არის ევროპული CERT-ების გაერთიანების Trusted Introducer წევრი და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების ორგანიზაციებთან. CERT-GE მომხმარებლებს უწევს კონსულტაციებს ქსელური უსაფრთხოების დაცვის საკითხებსა და ქსელური ინციდენტების აღმოფხვრაში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებელთა სერვერების და კომპიუტერების უკანონო ქსელური შეღწევის მცდელობასთან, ვირუსულ შემოტევასთან და სხვა კიბერ ინციდენტებთან. CERT-GE აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას მომხდარი ინციდენტების შესახებ, საქართველოს დომენურ GE ზონაში და საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე სხვა ქვეყნების CERT-ებს და კიბერ უსაფრთხოების კომპანიებს.

პროექტები, რომლებიც ასოციაციის მთავარ მიღწევად მიგაჩნიათ და ორიოდ სიტყვა მიმდინარე პროექტების შესახებაც.

-„გრენა“-ს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება. „გრენა“ მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, ევროკომისიის, NATO-ს, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთ პროგრამაში. თითოეული განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი პროექტებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. ასეთია NATO-ს „ვირტუალური აბრეშუმის გზის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტებმა და სამეცნიერო დაწესებულებებმა 2003 წლიდან მიიღეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის საშუალება. ამ პროექტის მეშვეობით ასევე შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელის ინფრასტრუქტურა. აღნიშვნის ღირსია საქართველოს საჯარო სკოლების ინტერნეტიზაციის პროგრამა ”ირმის ნახტომიც”. 2006-2011 წლების განმავლობაში „გრენა“ ჩართული იყო პროექტის ყველა ეტაზე: პროექტის მომზადება; სკოლებში შიდა კომპიუტერული ქსელის აწყობა (600 სკოლა); სკოლების IT მენეჯერების გადამზადება (400 IT მენეჯერი); სკოლების ჩართვა ინტერნეტში (2000 სკოლა); სკოლების ქსელის ადმინისტრირება და მართვა; საგანმანათლებლო რესურსების განთავსება და ადმინისტრირება „გრენა“-ს მონაცემთა ცენტრში. ამჟამად ასოციაცია მონაწილეობს ევროკომისიის სამ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთ პროექტში. ამ პროექტების ფარგლებში ხორციელდება საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ელექტრონული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და ინტეგრირება ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-ში, ახალი სერვისების და ტექნოლოგიების დანერგვა, მეცნიერთათვის ახალი სამუშაო გარემოს შექმნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეცნიერთა ჯგუფებთან ერთად, ასევე, ხორციელდება კლიმატის მოდელირება, გარემოს დაბინძურების და კლიმატის ცვლილების კვლევები.

როგორც ვიცით, „გრენა“-ს გააჩნია მაღალი სიჩქარის გამოყოფილი არხი ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-თან და Level 3 პროვაიდერთან. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, რას ნიშნავს ეს უპირატესობები?

-ევროკომისიის EaPConnect პროექტის ფარგლებში ასოციაციამ აამუშავა მაღალი სიჩქარის გამოყოფილი არხი ბუდაპეშტამდე და ფრანკფურტამდე და გააჩნია ურთიერთჩართვა ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-თან, Level3 და Cogent პროვაიდერებთან. ამასთან, „გრენა“-ს გააჩნია დამატებითი სარეზერვო არხი. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მაღალი სიჩქარის კავშირთან ერთად გამოიყენონ ისეთი სერვისები როგორიცაა: eduroam საგანმანათლებლო როუმინგი, eduGAIN აუტენტიფიკაციის და ავტორიზაციის სერვისი, დაცული ვებ-ჰოსტინგი და ვირტუალური სერვერები, მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები და სხვა.

ორიოდ სიტყვა სამომავლო გეგმების შესახებაც.

-ისინი დაკავშირებულია ქვეყნის სამეცნირო-საგანმანათლებლო ელექტრონული ინფრასტუქტურის შემდგომ განვითარებასთან და ახალი, ინოვაციური სერვისების და ტექნოლოგიების დანერგვასთან. დიდი ყურადღება დაეთმობა კიბერუსფრთხოების საკითხებს და ახალი სასწავლო კურსების დანერგვას.

წინა სტატიაHuawei P20 Lite: სმარტფონის გამოსვლამდე მისი განხილვა გადაიღეს
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy Note 9 შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გამოვიდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი