ინტერნეტში ფილმებისა და სერიალების ნახვის მოყვარულებს, ალბათ ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა: „რას ვუყურო?“
სწორედ ამ კითხვის გარშემო აკაკი ხუჯაძესა და მის მეგობრებს გაუჩნდათ იდეა, რომ შეექმნათ ვებგვერდი, რომელიც ადამიანებს ფილმების ძიების პროცესს გაუმარტივებდა.
rasvuyuro.ge – წარმოადგენს ფილმების მრჩეველ ვებგვერდს, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ფილმები და მათ სანახავად ლინკებიც მიიღოთ. ამისათვის უბრალოდ უნდა მიუთითოთ თქვენი საყვარელი ფილმი ან ფილმის თემატიკა, მაგალითად: „მორალური დილემა“, შედეგად ვებგვერდი გირჩევთ ფილმებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და სასურველ თემატიკას.
ვებგვერდი 2 კვირაა რაც ფუნქციონირებს. ის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოწყობილობით, იქნება ეს მობილური ტელეფონი, ტაბლეტი თუ პერსონალური კომპიუტერი.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვებგვერდი საკმაოდ ახალია, ამ ეტაპზე ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს. თუმცა, ჩვენი დაკვირვების შედეგად ნათელია, რომ ხშირია რეგულარული ვიზიტების რაოდენობა. ანუ, თუ ადამიანი ერთხელ ესტუმრა Rasvuyuro.ge-ს და მიიღო რჩევები ფილმებზე, იგი აუცილებლად განაგრძობს ვებგვერდის გამოყენებას და მისთვის ყოველი ფილმის შერჩევა სანახავად იწყება სწორედ Rasvuyuro.ge-ზე.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას პროექტის ავტორმა აკაკი ხუჯაძემ.
საიტის ავტორები სამომავლოდ გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას მანქანური სწავლების გამოყენებით, რათა რჩევის შედეგები უფრო რელევანტური და შესაბამისი იყოს.