“მიწისძვრისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი” – ამ სახელწოდების პროექტი შექმნეს სკოლა „აია–ჯესის“ სკოლის მე-11 კლასელმა მოსწავლეებმა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებიც გახდნენ.
ბუნებრივი კატასტროფებისას, მათ შორის მიწისძვრისას, მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანისთვის, თანაკლასელებმა შეიმუშავეს ისეთი პლატფორმისგან შემდგარი მოდელი, რომელზეც დამონტაჟებულია შენობის ფუნდამენტის ერთი ბოძი. მექანიზმი სექციების სახითაა განლაგებული, სექციებში კი ჩამონტაჟებულია ზამბარები. მიწისძვრის სიმულაციისას, საყრდენების ზედაპირი შეხებაში რჩება ერთმანეთთან და ამით შესაძლებელი ხდება, თავიდან ავიცილოთ კონსტრუქციის ნგრევა.
მარიამ ქაფიაშვილის, მამუკა წივილაძისა და გიორგი გვარჯალაძის პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანები და გარემო ბუნებრივი კატასტროფების დროს აღარ დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი – Millennium Innovations Award წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა. გამარჯვებული მოსწავლეები 25-29 ივნისს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.