17-19 ივლისს თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტი იმართება, რომელზეც მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია აუდიტორიის წინაშე მთაწმინდის პარკში წარსდგება სესიაზე – “საჯარო სერვისები და ინოვაციები”.
აღნიშნულ სესიაზე განხილული იქნება, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
საერთაშორისო სამიტს OGP-ს წევრი 96 ქვეყნის წარმომადგენელი და ადგილობრივი მონაწილეები – სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, მინისტრები, საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევარები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
OGP-ის 2018 წლის საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა სამოქალაქო ჩართულობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სერვისების მიწოდება იქნება.
რობოტი სოფია კომპანია Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია დაასახელა გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”. მისი, როგორც ხელოვნური ინტელექტის როლი მდგომარეობს მდგრადი გავითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობაში, რაც სწორედ UNDP-ის მიზანია.