საქართველოს მთავრობამ “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპრექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის შემოდგომიდან შევა.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „საქმიან დილაში” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ერთი წელია მუშაობენ იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო ვირტუალური სამყარო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
კვლევის შედეგად, გამოიყო ძირითადი რისკები, ესენია:
კონტენტისა და კონტაქტის რისკები
პორნოსაიტებზე ხელმისაწვდომობა
რისკების შემცველი ქსელური თამაშები
პირადი ინფორმაციის დაუცველობა
მოზარდების მხრიდან, ყალბი ტრანზაქციების განხორციელება
კანონპროექტის ფარგლებში დაწესდება ვალდებულება პროვაიდერებისთვის, რომლის თანახმადაც ისინი ვალდებულები იქნებიან დააყენონ ფილტრები ზიანის შემცველი ინფორმაციებისთვის და დაბლოკონ მანამ, სანამ არასრულწლოვნებამდე მივა.
“კანონპროექტის ფარგლებში, ვაჩენთ ვალდებულებას, რომ პროვაიდერებმა მოამზადონ საცნობარო მასალა მშობლებისთვის, მოზარდებისთვისა და პედაგოგებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან და რა დაცვის მექანიზმები არსებობს ინტერნეტ-სივრცეში. არასასურველი ინფორმაცია კი, იქნება კოდიფიცირებული და მისი გახსნის საშუალება მხოლოდ მშობელსა და ზრდასრულ ადამიანს ექნება” – აღნიშნა ხუნდაძემ.
კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ბაზარე მოღვაწე პროვაიდერებისთვის სანქციები დაწესდება.
(3–დან 30 ათას ლარამდე)