მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
სოფია სამიტის მონაწილეებს მიესალმა, ხოლო შემდეგ ჩაერთო პანელურ დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ.
სოფიამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.
„რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“ – აღნიშნა სოფიამ.
მედიის წარმომადგენლებმა სოფიას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. რობოტი არ საუბრობს პოლიტიკაზე, სიყვარულზე და სექსზე, შესაბამისად, შეკითხვები, რომლებიც სოფიას დაუსვეს, ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანებისა და რობოტების თანაარსებობას და შრომით საკითხებს უკავშირდებოდა.
მან უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, მოსწონს თუ არა მას ქალად ყოფნა.
„ვიცი, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სქესის გაგება. როდესაც ადამიანზე საუბრობთ, არ გამოყოფთ ქალზე საუბრობთ თუ კაცზე. როგორც რობოტს, ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ზოგადად მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თანასწორობის პირობებში გამოვთქვა აზრი“ – აღნიშნა სოფიამ.
რობოტი სოფია საქართველოს 19 ივლისს დატოვებს.
ჰუმანოიდი რობოტი სოფია
Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.
თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.
საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.