ივნისის დასაწყისში ჩინური მაღაზიების დახლებზე ახალი Xiaomi Mi Band 3 გამოჩნდა, რომელიც წინამორბედისგან საკმაოდ შორს წავიდა, თუმცა ეს კიდევ უფრო ახალი და უკეთესი მოწყობილობისთვის მზადება აღმოჩნდა. კომპანიამ სრულიად მოულოდნელად ხელმისაწვდომ სეგმენტში საუკეთესო სპორტული ტრეკერი წარმოადგინა, რომელსაც NFC მოდული და ბევრი სხვა საინტერესო ფუნქცია აქვს.
სიახლეს Hey+Band ქვია და Xiaomi-ს შვილობილმა კომპანიამ გამოშვა. ეს ფიტნეს-ტრეკერი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი დღეისათვის. მას 0,95 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს გარჩევადობით 240×120. ასეთ ეკრანზე შესაძლებელია შეტყობინებების, მესიჯების, კონტაქტების და სხვა მონაცემების გამოსახვა დროსთან, გულის რითმთან და სხვა სპორტულ აქტივობებთან ერთად.
სამაჯური მყარი და გამძლე მასალისგანაა შექმნილი და 5 ატმოსფერომდე წნევას უძლებს, რისი წყალობითაც მისი თამამად მოხმარება აუზშიც კი შეიძლება. ტრეკერის შიგნით 120 მილიამპერიანი აკუმლატორია, რომელიც 18 დღის განმავლობაში დამუხტვის გარეშე იმუშავებს.
NFC მოდულის საშუალებით შეიძლება გადახდების წარმოება, ავტორიზაცია და სხვა მსგავსი ოპერაციების შესრულება. სიახლე 100 ლარამდე ეღირება და AliExpress-ზე იქნება ხელმისაწვდომი.