წელს სკოლის 4-მა მოსწავლემ (სანდრო ხოხიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი და ნიკა ბირკაძე) 5 საერთაშორისო ოლიმპიადაზე 15 მედალი მოიპოვეს.
პირველი ტურნირი, რომელშიც მათ წელს მიიღეს მონაწილეობა, ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ოლიმპიადა) იყო ყაზახეთში. ამ ტურნირზე ვანომ ოქროს მედალი აიღო, გიორგიმ და სანდრომ – ვერცხლის მედლები (ნიკა მათემატიკაში მონაწილეობდა) და რაც მთავარია კომაროვის პირველმა გუნდმა (ვანო და გიორგი) გაუსწრო მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზმატ სკოლას, რომელიც ამ შეჯიბრების მრავალგზის გამარჯვებულია.
წლის მეორე საერთაშორისო ტურნირი infocup-ი ინტერნეტით ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა 20 ქვეყნის 30-მდე გუნდი. აქ სანდრომ ოქროს მედალი აიღო, ხოლო გიორგიმ, ვანომ დ ნიკამ – ვერცხლის მედლები. თუ დავაჯამებდით თითოეული გუნდის ქულებს, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა პოლონეთის შემდეგ და გადაუსწრო ისეთი ქვეყნების გუნდებს, როგორიცაა რუსეთი, ირანი, ხორვატია, ბულგარეთი და ა.შ.
მესამე ოლიმპიადაც – APIO (Asia-Pacific Informatics Olympiad) ინტერნეტით ჩატარდა, სადაც გიორგიმ ოქროს მედალი მოიპოვა და ვანომ – ბრინჯაოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნირი 2007 წლიდან ტარდება და ქართველმა მონაწილემ პირველად აიღო ოქროს მედალი.
მეოთხე ტურნირი ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადა იყო, სადაც ნიკამ ოქროს, გიორგიმ და სანდრომ – ვერცხლის, ხოლო ვანომ – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდური შედეგით საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა 15 ქვეყანას შორის.
წლის ბოლო შეჯიბრება – მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადა იყო, სადაც ნიკამ და გიორგიმ ოქროს მედლები მოიპოვეს.ა
მრიგად, წელს ამ ოთხეულმა 5 საერთაშორისო ოლიმპიადაზე 15 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და რაც მთავარია, საქართველო დაამკვიდრეს ინფორმატიკის ოლიმპიადების ლიდერთა შორის.