საქართველოს ბანკის საერთაშორისო პროგრამა – Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროგრამის ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაგან 2 გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა.
Social Impact Award-ის გამარჯვებულები:
- Airadi – ჭკვიანი მაჯის საათი
- ჩუ – სამაგიდო თამაში
- Gamo – დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის
სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან. გარდა ამისა ისინი მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა.
საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.
Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას – Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.