Space / სფეისი – არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელსაც გაშვებიდან 5 თვეში უკვე 200,000-მდე აპლიკაციის გადმოწერა აქვს.ჰყავს და ეს რიცხვი კიდევ იზრდება. როგორც სფეისის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სფეისის მიზანია, შექმნას ყოველდღიური ბანკინგის ისეთი მომსახურება, როგორიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს პასუხობს. ამა და სხვა დეტალებზე Navigator-ი სფეისის პროექტის მენეჯერ – ლაშა გურგენიძეს გაესაუბრა.

როგორ გაჩნდა სფეისის შექმნის იდეა და რატომ დაუჭირა ამ იდეის განხორციელებას მხარი თიბისი ბანკმა?

სფეისის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.

ამ იდეით და სფეისის პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე წევრი მივედით „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან. დეტალური ანალიზის შემდეგ, მათ დაიჯერეს ჩვენი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ შეგვექმნა ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ჩვენ როგორც მომხმარებლებს გვჭირდებოდა და მოგვეწონებოდა.

ამის მერე იყო სტარტაპის შექმნის ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენი პირველი ოფისი იყო პატარა ოთახი ტექნოპარკში. ვფიქრობ, ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი, როგორც ახალი ტიპის ბანკის ჩამოყალიბებაში. ძალიან მალე ჩვენ გარშემო შეგროვდა ახალგაზრდა პროფესიონალების, სუპერ კრეატიული და არაორდინალური გუნდი, რომელიც მზად არის გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა ტექნოლოგიების, დიზაინის და კრეატიული აზროვნების გამოყენებით.    

როგორი სტრატეგია შეარჩიეთ ბაზარზე გასასვლელად?

ჩვენი მიზანია მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს ჩართული პროდუქტის შექმნის და დახვეწის პროცესში. მათი მოსმენის და უკუკავშირის შედეგად იქმნება და იცვლება ჩვენი პროდუქტები. სწორედ ამიტომ, აპლიკაცია გავუშვით ბეტა სატესტო ვერსიით, ე.წ. MVP (minimum viable product), რათა მომხმარებელს თავად ეკარნახა რა ხარვეზები გამოგვესწორებინა, რა დაგვემატებინა ან კიდევ უფრო გაგვემარტივებინა. ამ გზით, ძალიან დიდი ინფორმაცია შევაგროვეთ, რომელიც გვეხმარება, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, როგორიც მომხმარებელს სჭირდება.

როგორია სამუშაო გარემო?

სფეისი ყველაზე მეტად ალბათ მოგაგონებს ლაბორატორიას, სადაც თითოეული ადამიანი განუწყვეტლივ ფუსფუსებს და ქმნის მომავლის ბანკინგს. აქ ყოველდღე ხდება გუშინდელი დღის გადახედვა და მუდმივად სიახლის ძიებაშია ყველა. სწორედ ეს უწყვეტი პროცესი განაპირობებს იმას, რომ დღე არ გადის აღმოჩენის გარეშე. მნიშვნელოვანია ის, რომ საბანკო სერვისებზე ვმუშაობთ არაბანკირები, ანუ პროდუქტს ვქმნით მომხმარებლის გადმოსახედიდან. თვისებები რაც ყველას გვაერთიანებს არის ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა და ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი. ორგანიზაციული სტრუქტურა ჩვენი გუნდის ხასიათს არის მორგებული და პირიქით. Holacracy – ანუ თანამედროვე ბრტყელი ორგანიზაციული მოწყობა თითოეულ თანამშრომელს აძლევს დიდ ავტონომიას და შემოქმედებით თავისუფლებას. ჩვენთან ინიციატივის ნაკლებობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე შეცდომის დაშვება.

გაამართლა თუ არა სტრატეგიამ და ბევრი გადმოწერების მიუხედავად, რამდენია აქტიური მომხმარებელი?

5 თვის თავზე უკვე 80,000-მდე აქტიური მომხმარებელი გვყავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, როგორც აღვნიშნე, დავაგროვეთ უამრავი რეკომენდაცია, უკუკავშირი, რაც ძალიან დაგვეხმარება სწრაფ განვითარებაში. ძალიან ბევრი სასიამოვნო შეფასება მივიღეთ, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოვუსმინეთ იმ ხალხს, რომლებსაც ჩვენი სერვისი არ მოეწონათ და ამის კონკრეტული მიზეზები მოგვწერეს. ასეთი მომხმარებლის უკუკავშირი და ანალიზი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.  

რაზე აკეთებს აქტიური მომხმარებელი აქცენტს და რა სერვისები მოწონს?

ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული სერვისებია მობილურის ნომრით ან მესენჯერით თანხის გადარიცხვა და მყისიერი სესხი. ჩვენთან ნებისმიერი ბანკის ბარათზე თანხა ჯდება მომენტალურად 24 საათის მანძილზე, 7 დღე კვირაში. რაც შეეხება სესხს, წინასწარ დამტკიცების გარეშეც, რამდენიმე წუთში არის შესაძლებელი სასურველი თანხის დასმა ნებისმიერ საბანკო ბარათზე და რაც მთავარია ამ სისწრაფეში დამატებით საკომისიოების გადახდა საჭირო არ არის.

ამას გარდა, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ბანკის მომხმარებელი ხარ, ან სად გერიცხება ხელფასი, სფეისში შენ შეგიძლიათ გააერთიანო ყველა შენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენო ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად.

რას გულისხმობს სრულად ციფრული ბანკი?

წარმოიდგინეთ ბანკი ფილიალების, ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების და ბიუროკრატიის გარეშე. წარმოიდგინეთ ფინანანსური სერვისები, რომლის გამოყენებაც ისეთივე მარტივია, როგორც სოციალურ ქსელში ფოტოს გაზიარება ან საყვარელ ონლაინ მაღაზიაში შოფინგი. ბანკი, რომელიც მდებარეობს თქვენს ტელეფონში, რომ თქვენ არასდროს მოგიწიოთ ფილიალში მისვლა და დროის ხარჯვა.

სფეისში მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს ყველა ის ფინანსური სერვისი, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება – გადარიცხოს თანხა ახლობლებთან, გადაიხადოს გადასახადები, აიღოს სესხი ან ისარგებლოს ბარათით და ეს ყველაფერი უფრო მარტივად, სწრაფად და გამჭვირვალედ ვიდრე ამას ტრადიციული ბანკები აკეთებენ

რა განსხვავებაა სფეისსა და  ინტერნეტ ან მობაილ ბანკს შორის?

ინტერნეტ და მობაილ ბანკი საბანკო ინდუსტრიის ევოლუციის წინა ეტაპია. როგორც წესი, ამ არხების საშუალებით, ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც შექმნილი იყო ფილიალებში გასაყიდად და ამის გამო, ეს პროდუქტები ნაკლებად  არის ადაპტირებული დისტანციური მომსახურებისთვის. მაგალითად,  იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ ამ სერვისებზე, თქვენ უნდა მიხვიდეთ ფილიალში, გახდეთ ბანკის კლიენტი და მიიღოთ წვდომა თქვენთვის სასურველ მომსახურებაზე. ამის გაკეთების შემდეგაც, თქვენ პერიოდულად კიდევ მოგიწევთ  ფილიალში მისვლა მომსახურების ადგილზე მისაღებად.

სფეისში ჩვენ უბარლოდ არ გვაქვს ფილიალები, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად.

როგორ უნდა გახდე სფეისის მომხმარებელი?

სფეისში მომხმარებლების რეგისტრაციაც, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Space-ის აპლიკაცია App Store ან Google Play-დან, ID ბარათის და სელფის საშუალებით გაიაროთ ვერიფიკაცია და გახდეთ სფეისის მომხმარებელი. თქვენ მიიღებთ სრულფასოვან საბანკო ანგარიშს და ვიზა კლასიკის ტიპის უფასო ბარათს, რომელსაც ფოსტით მოგაწვდით თქვენს მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ხუთი თვეა, რაც გავეშვით და ყოველთვიურად აპლიკაციის განახლებულ ვერსიას ვუშვებთ, რომელშიც ვამატებთ ახალ პროდუქტებს და მახასიათებლებს. ჩვენი განვითარების გზას თავად მომხმარებელი გვკარნახობს.  ჩვენი მომავალი გეგმები კვლავაც ყოველდღიური საბანკო სერვისების გამარტივებას უკავშირდება, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და არსებულის გაუმჯობესებას.

წინა სტატიააბასთუმნის ობსერვატორიაში 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართება
შემდეგი სტატიაGoogle-მა Pixel 3/XL, Home HUB და Slate წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი