ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო. თბილისის პარალელურად ჰაკათონი საქართველოს ცხრა რეგიონში (თელავი, თიანეთი, გორი, ხარაგაული, ქუთაისი, ბაღდათი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ბათუმი) ერთდროულად ჩატარდება. ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ნიკა როსტომაშვილმა ვიდეოხიდის მეშვეობით ჰაკათონის მონაწილეებს ტექნოპარკიდან მიმართეს.
,,ჰაკატური“ ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.
ჰაკათონის მონაწილეებისთვის ამოცანის შესასრულებლად 48 საათია გამოყოფილი. კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.