9 ნოემბერს, თბილისში, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. კონკურსი  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ორგანიზებით ტარდება.

ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები წელსაც ოთხ კატეგორიაში დასახელდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში, გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძლებთ.

გასულ წელს კონკურსს არაერთი საინტერესო და გამორჩეული გამარჯვებული ჰყავდა. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი კი ნიკოლოზ წიკლაური გახდა.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროგრამის სტუდენტი – ნიკოლოზ წიკლაური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსით სარგებლობს. ნიკოლოზმა, მიუხედავად მხედველობის პრობლემისა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შეძლო და პროგრამით გათვალისწინებული მოდულების მაღალ დონეზე ათვისების შედეგად  HTML Fundamentals Course (SOLOLEARN) და JavaScript Tutorial Course საერთაშორისო სერთიფიკატები მოიპოვა. მან, ასევე, წარმატებით გაიარა ტალინის პოლიტექნიკური კოლეჯის მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული ტრენინგები და დღეს, ერთ-ერთი წარმატებული პროფესიონალია თავის სფეროში.

შრომისმოყვარე სტუდენტისთვის პროფესიული ჯილდოს მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა და კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა, ახალი გამოწვევები დაესახა საკუთარი თავისთვის.  დღეს ის მუშაობს საკუთარ პროგრამაზე „ადაპტირებული ფოტოშოპი“, რომლის მეშვეობით უსინათლო ადამიანებს  საშუალება აქვთ, შექმნან საკუთარი ვირტუალური გარემო. ამ ეტაპზე ნიკოლოზი სხვადასხვა საინტერესო პროექტშია ჩართული და მიაჩნია, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების რეალიზებისთვის ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს ადამიანმა. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო კი საუკეთესო სტიმული აღმოჩნდა ახალი მიზნებისკენ, რომელიც პროფესიული კოლეჯის სტუდენტობიდან დაიწყო.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენაა. პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მხარდაჭერით ხორციელდება.

წინა სტატიაქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა კეთდება
შემდეგი სტატიათბილისში საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი