CES 2020-ზე კომპანია SAMSUNG-მა წარმოადგინა პატარა სფერული რობოტი, რომელიც მფლობელს დასდევს და საშინაო საქმეებში ეხმარება.
Ballie-ს ფუნქციონალში შედის ხმოვანი ასისტენტის, უსაფრთხოების კამერის და ჭკვიანი სახლის მართვის შესაძლებლობა. მასთან შეიძლება საუბარი და გარკვეული მოქმედებების დავალება, თუმცა ზოგიერთ ამოცანას ის ავტომატურ რეჟიმშიც ართმევს თავს თუ წინასწარ შევუდგენთ განრიგს.
პრეზენტაციაზე აჩვენეს ამოცანების გარკვეული მაგალითები, რომლის შესრულებაც Ballie-ს შეუძლია.
მოწყობილობის შესაძლებლობები მუდმივად განახლდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და ჭკვიანი სახლის სისტემების განვითარებასთან ერთად.
Samsung Ballie-ს კორპუსზე განთავსებულია ორიენტაციის და გარემოსთან ურთიერთობისთვის საჭირო სენსორები. მას აქვს ჩვეულებრივი კამერა, რომლითაც შეიძლება ვიდეოს გადაღება. უსაფრთხოების სისტემა დაცულია იმდენად, რომ არავის გარედან არ შეუძლია კამერაზე ან მოძრაობის მართვაზე წვდომის მიღება.
კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია რობოტის გამოსვლის თარიღი და ღირებულება.