მეტავერსი – ვირტუალური სივრცე, რომელიც ადამიანებს წარმოსახვით სამყაროში მოხვედრის საშუალებას აძლევს, დღესდღეობით საკმაოდ აქტიური განხილვის თემაა.
ეს არის საერთო, ონლაინ 3D სივრცე, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან და კომპიუტერის მიერ გენერირებულ ობიექტებთან და ავატარებთან ინტერაქცია შეუძლიათ.
Metaverse-ს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის სოციალური ქსელის, ონლაინ თამაშების, განათლებისა და ტრენინგისთვის. მასში შეიძლება ვირტუალური სამყარო რეალურის ამსახველი იყოს, ან სულაც წარმოსახვითი, არარეალური სამყარო შეიქმნას. მუდმივად განვითარებადი მეტავასერსი მომხმარებელს უნიკალურ და განსაცვიფრებელ გამოცდილებას სთავაზობს.
რადგან მეტავერსი სულ რამდენიმე წელიწადია რაც არსებობს და მისი ფართოდ გამოყენება ჯერ არ დაწყებულა, განმარტება ყველასთვის ბოლომდე გასაგები არ არის. მარტივი კითხვა რომ დავსვათ, “რა არის მეტავერსი” მოსალოდნელია, ბევრი სხვადასხვა პასუხი მივიღოთ.
საინტერესოა, რომ სიტყვა „Meta“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „Verse“ კი Universe-ის შემოკლებული ფორმაა და სამყაროს ნიშნავს. მათი გაერთიანებით მიღებული სიტყვა Metaverse – სამყაროს მიღმა, ანუ მეტავერსია.
მეტავერსი შექმნილია რეალური სამყაროს სიმულაციისთვის.
Facebook-ის აზრით, Metaverse გააერთიანებს რეალურ სამყაროსა და ვირტუალურ სამყაროებს, რათა ადამიანების რეალისტური ინტერაქცია ვირტუალურ სამუშაო სივრცეებში შესაძლებელი გახდეს. მეტავერსში შეგიძლიათ ნებისმიერ აქტივობაში ჩაერთოთ, მათ შორის, იმოგზაუროთ, ითამაშოთ, იმუშაოთ ან ირბინოთ კიდეც.
ტექნოლოგიები, როგორიცა არის ხელოვნური ინტელექტი (AI – Artificial intelligence), გაძლიერებული რეალობა (AR – Augmented Reality) და ვირტუალური რეალობა (VR – Virtual Reality) მეტავერსთან საკმაოდ მჭიდრო კავშირში არიან. გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია ვირტუალური ობიექტები რეალურ გარემოს მოვარგოთ. 3D ვირტუალურ გარემოში სრულად ჩასართავად, VR იყენებს 3D კომპიუტერულ სიმულაციებს.
მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსში მოსახვედრად ვირტუალური ყურსასმენის ან სხვა მოწყობილობების ტარება აუცილებელი არ არის, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ონლაინ გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
მაგალითად, Facebook metaverse-ზე წვდომა შესაძლებელია გაფართოებული რეალობის სათვალეებით, ვირტუალური რეალობის ყურსასმენებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციების საშუალებითაც კი.
კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის ვირტუალურ და გაფართოებული რეალობის ყურსასმენზე მუშაობს, რომელსაც Project Cambria ჰქვია. Meta-ს განმარტებით, გაჯეტს შერეული რეალობის (MX – Mixed Reality) მხარდაჭერა და ახალი სენსორები ექნება, რომლებიც ვირტუალურ ავატარს საშუალებას მისცემს თვალის კონტაქტი შეინარჩუნოს და რეალური ადამიანების ემოციების სიმულაცია მოახდინოს. მეტად განვითარებული ტექნოლოგიის დახმარებით, ავატარებს შეეძლებათ უკეთ გამოხატონ ადამიანის ემოციები და გამოიყენონ სხეულის ენა, რაც ვირტუალურ გარემოში რეალური დიალოგის შთაბეჭდილებას დატოვებს.
როგორ მოვხვდეთ მეტა სამყაროში და რა მომავალი აქვს მას, ამ საკითხზე “ნავიგატორი” ინფორმატიკის დოქტორს და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს, პაატა გოგიშვილს ესაუბრა.
“მეტავერსი ვირტუალურ სამყაროს წარმოადგენს, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ვირტუალურად დაკავშირება სამუშაოდ, ან უბრალოდ გასართობად შეუძლიათ.
ეს სიტყვა 1992 წელს გაჩნდა: ფანტასტიური ჟანრის მწერალმა, ნილ სტეფენსონმა, თავის თხზულებაში Snow Crash” ეს ტერმინი პირველად გამოიყენა. მასში საუბარია ვირტუალურ სამ განზომილებიან სივრცეზე, სადაც ადამიანების ავატარები იკრიბებიან და ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ავატარი ადამიანის ციფრული გამოსახულებაა, რასაც მართლა ავატარს ვეძახით.
შემდგომში ამან რეალური სახე შეიძინა. ონლაინ შეხვედრები ძალიან გავრცელდა, განსაკუთრებით პანდემიის დროს. შესაბამისად, გაჩნდა სურვილი და მოთხოვნა, რომ ვირტუალურ გარემოში კიდევ უფრო მეტი ხარისხით ყოფილიყო ინტერაქცია. რათა ადამიანმა ასეთ გარემოში სრულფასოვნად იგრძნოს თავი კოლეგებთან და მეგობრებთან საურთიერთოდ – ეს არის მეტავერსი, მეტა სამყარო.
როდიდან დაიწყეს მისი გამოყენება და რომელ ქვეყნებში იყენებენ ყველაზე აქტიურად?
– მეტავერსის გამოყენება შედარებით ახალია, რაც ნელ-ნელა დაიწყო. ერთი მიმართულება იყო, ზუმი (Zoom), მითი (Meet) და ასეთი პლატფორმები. ხოლო მეორე მიმართულება – თამაშები. მეტავერსის შექმნას ონლაინ თამაშებმა ძალიან შეუწყო ხელი. ამას დიდი ისტორია ჯერჯერობით არ აქვს. ჯერ ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო, რათა მეტად ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახდეს.
მეტავერსის გამოყენებას ტერიტორიული ხასიათი არ აქვს, რადგან ეს ონლაინ სივრცეა. შესაბამისად, ყველა ქვეყნიდან თანაბრად არიან ადამიანები.
ამ მეტა სამყაროებში ცდილობენ, რომ რეალური სამყაროს ასლი გააკეთონ. მაგალითად, პარიზის ასლს აკეთებენ და შეგიძლიათ ქალაქის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებს ვირტუალურად შეხვდეთ.
ცხადია, მეტავერსის შექმნელებს, რეალური კომერციული მიზნებიც ამოძრავებთ. საუბარია, რომ გაყიდონ და გააქირაონ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ან გასართობი სივრცეები.
როგორ შეიძლება მოხვდე მეტავერსის ვირტუალურ სამყაროში? სპეციალური აპარატურის გამოყენებით?
– ყველანაირი ხელსაწყო კარგია, რომელიც თავს იმ ვირტუალურ სამყაროში გვაგრძნობინებს. ზოგიერთი ხელსაწყო ამას უკეთ ახერხებს, ზოგიც ნაკლებად. ჩვეულებრივი კომპიუტერით ან ტელეფონით, ჩვენი იქ ყოფნა ონლაინ შეხვედრების სისტემის მსგავსია, მაგალითად: ზუმის, მითის, თიმის. სპეციალური ჩაფხუტის საშუალებით შეგვიძლია, რომ მარჯვინვ ან მარცხნივ მივიხედოთ , დავინახოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხი, შეგვიძლია ობიექტებს შემოვუაროთ, და ყველა კუთხიდან დავინახოთ სამგანზომილებიანი სივრცე.
სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც თავზე ჩაფხუტივით იკეთებენ, უფრო მეტად გვაგრძნობინებს თავს იმ წარმოსახვითი სამყაროს წევრად.
იმისთვის, რომ მეტავერსში გადაადგილდე, რეალურად უნდა იმოძრაო?
– ზოგიერთი ხელსაწყო ისეთია, რომ თუ რეალურად გაიქცევით, ვირტუალურ სამყაროშიც ირბენთ. თუმცა, ბუნებრივია ეს შესაბამის სივრცეს მოითხოვს. ყველგან ამას ვერ შევძლებთ, მითუმეტეს თუ მოწყობილობა გვიკეთია, სახლის პირობებში შეიძლება რაიმეს დავეჯახოთ. ამიტომაც ეს ჯერჯერობით მარტივი და კარგად დამუშავებული არ არის. აკეთებენ რბილ ოთახებს, სადაც მოძრაობა, სიარული და სირბილიც თავისუფლად შეიძლება.
საქართველოში როდიდან დაიწყეს მეტავერსის გამოყენება?
– საქართველოსთვის ეს საკმაოდ ახალია. ქართველებს გვიყვარს ყოველგვარი მსგავსი სიახლის ატაცება და გამოყენება, რაც ძალიან კარგია. ამ ეტაპზე, საქართველოში მეტავერსს აქტიურად არ იყენებენ. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. როგორც აღინიშნა, მეტავერსში მოსახვედრად შესაბამისი აღჭურვილობა და გარემო შეიძლება დაგვჭირდეს , რაც არამარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
მეტავერსის მეტად განვითარების შემთხვევაში, მისი აქტიური გამოყენება მომავალში უფრო დაიწყება. ამ ეტაპზე საწყისს სტადიაზე ვართ, როგორც საქართელოში, ასევე სხვაგანაც.
რამდენად მნიშვნელოვანია მეტავერსის ათვისება?
– მეტავერსის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ კომფორტულია. წარმოიდგინეთ, რომ სამუშაო შეხვედრაზე ერთ სივრცეში შეიძლება ისეთი ადამიანები შეიკრიბონ, რომლებიც რეალურად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან. ამ დროს კი ურთიერთობა, საუბრები, ინტერაქცია თავისი ჟესტიკულაციით, მიმიკებით გაცილებით მაღალი ხარისხით იქნება.
მაგალითისთვის, მე დიდი ხანია უნივერსიტეტებში ვასწავლი და პანდემიის დროს ონლაინ სწავლების კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ვფიქრობ, ონლაინ სწავლებამ, გაამართლა. ოღონდ ერთადერთი, რითაც ეს პირისპირ სწავლებას ჩამოუვარდება, მყისიერი ინტერაქციაა. ინტერნეტის ხარისხი ხანდახან დროში ჩამორჩენას განაპირობებს, რასაც ბევრი უარყოფითი მხარე ახლავს.
ახლა, საქართველოში 4G მობილური ინტერნეტით ვსარგებლობთ. ეს ინტერნეტი თუ უფრო მაღალსიჩქარიანი იქნება, მაშინ დაყოვნების დრო გაცილებით ნაკლები და შესაბამისად, ინტერაქციაც უფრო სრული იქნება. ამიტომაც, მეტავერსში ონლაინ სწავლება, გართობა, შეხვედრები, მეტად ნაყოფიერი და ეფექტრური გახდება და მეტად ჩართული ვიქნებით პროცესში.
როგორც აღინიშნა, მეტავერსთან დაკავშირებით წინ ბევრი საინტერესო მომენტები გველოდება.
არსებობს თუ არა რაიმე გამოწვევა?
– არსებობს მიჯაჭვულობს სინდრომი. ბევრი ახალგაზრდა უსასარულოდ “სქროლავს” სოციალურ ქსელებს და ამას ვერ ეშვება. ცხადია, ჩვენი ჩართულობა ვირტუალურ სამყაროში თუ უფრო მაღალი იქნება, მიჯაჭვულობაც მეტად გაიზრდება.
ამჟამად მხოლოდ ამ გამოწვევას ვხედავ და ვფიქრობ, რომ გარკვეულ ასაკამდე მეტავერსთან წვდომა არ არის კარგი. პატარა ასაკში, ბავშვმა კოორდინაციის უნარ-ჩვევები უნდა შეისწავლოს, ფიზიკურად ითამაშოს, რომ სივრცითი შეგრძნებები სწორად განუვითარდეს. თუმცა, შემდგომ უკვე, როცა კომფროტი გვინდა და მაგალითად, ლექციის მოსასმენად ფონიჭალიდან ვაკეში საცობებში მგზავრობა არ გვინდა, მეტავერსით სარგებლობა, ცხადია უალტერნატივო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსიის კონცეფცია საკმაოდ დამაინტრიგებელია, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა ელის მას მომავალში. თუმცა, ფაქტია მისით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და სხვადასხვა სფეროში მის გამოყენებას იწყებენ.
“ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ამაზე სრულად გადავალთ. ბევრი სფერო არსებობს, სადაც მეტავერსმა შეიძლება თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს. მაგალითად, სამედიცინო სფერო, ექიმებს შორის კონსილიუმი. შეიძლება ინტერაქციის მაღალი ხარისხი გადამწყვეტი აღმოჩნდეს სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ონლაინ სწავლებას და მეტავერსით სწავლებას ალტერნატივა არ აქვს. ასევეა გართობაშიც. დიდწილად სწორედ თამაშებმა განაპირობა მეტავერსის განვითარება. სიმართლე რომ ვთქვათ, თამაშს შეიძლება უარყოფითი ელფერიც ახლავს, თითქოს არასერიოზულია, მაგრამ მათმა განვითარებამ ბევრი ტექნოლოგია წამოსწია წინ და კაცობრიობას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა. მათ შორის, მეტავერსიც დიდწილად თამაშების წყალობით განვითარდა.
სხვა სფეროებში, მაგალითად, ონლაინ შეხვედრებისთვის, მეტავერსი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც არამარტო ლამაზ გარემოს გვთავაზობს, არამედ ჩვენი იერსახეც შეგვიძლია შევცვალოთ. არ არის აუცილებელი, იდეალურად გამოვიყურებოდეთ – იმ სირცეში როგორც კომფორტულად მიგვაჩნია თავი ისეთი ვიქნებით. საკუთარ ვიზუალს თავად შექვმნით.” – აღნიშნავს პაატა გოგიშვილი.
5G-ის განვითარება და VR და AR ტექნოლოგიების პოპულარობა მეტავერსის მეტად გასავითარებლად შესაბამისი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს. ექსპერტების აზრით, AR/VR ბიზნესის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია, იმის გათვალისწინებით, რომ მეტავერსი მათთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია.