თიბისის მომხმარებლებს Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობებში Google Pay-ს გამოყენება უკვე შეუძლიათ. სიახლე დღეიდან ამოქმედდა და მომხმარებლები აღნიშნულ მოწყობილობებზე Google-ის მარტივი და უკონტაქტო გადახდებით ისარგებლებენ. მათ თიბისის ბარათების შენახვა ციფრულ საფულეში Google Wallet-ში შეუძლიათ. Google Wallet-ზე წვდომა შესაძლებელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ციფრულ საფულეში ბანკის ბარათების გარდა, სამგზავრო და სხვადასხვა ბილეთების შენახვაც შეიძლება.
Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯენი ჩენგის განმარტებით, Google Wallet- ში ბარათების დამატებით, ნებისმიერი ტრანზაქციისას მომხმარებლების ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა. მისივე თქმით, Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს უზრუნველყოფს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით.
თიბისის მიერ უზრუნველყოფილი მექანიზმებით Google Pay ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება, ეს კი გადახდის პროცესს მეტად დაცულს ხდის.
“ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.” – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
Google Wallet-ის ჩამოტვირთვა Google Play Store-შია შესაძლებელი.
უკონტაქტო გადახდის სერვისი საქართველოში ოფიციალურად დღეიდან გახდა ხელმისაწვდომი. მანამდე ამ სერვისით სარგებლობის მსურველებს ქართული ბანკების მიერ შემოთავაზებული აპლიკაციების გამოყენება სჭირდებოდათ (TSKAPP, TBC Pay).