მასშტაბური საერთაშორისო პროექტი – გლობალური მეწარმეობის კვირეულის (GEN) გლობალური კამპანია წელს უკვე მე-15-ედ ტარდება. მისი მიზანი მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერაა. გლობალური მეწარმეობის კვირეული 14-20 ნოემბერს იმართება.
პროექტი ყოველწლიურად 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და 30 000-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს შემთხვევაში, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ.
კამპანია მონაწილეებს ახალი კავშირების, უნარების, ინფორმციისა და ახალი ბიზნესის დაწყებაში ეხმარება.
კვირეულის ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება. დისკუსია 18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტშის შედგება, რომლის თემაა – Storytelling – Lessons Learnt. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ღონისძიების მოდერატორია გიორგი ბურდული – კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე; ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი (ბიზნეს ლიდერები).
დისკუსიის მოწვეული სპიკერები არიან:
სოფო ჭყოიძე – ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების პლატფორმის, გლობალური ლიდერი კომპანიის Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი საოპერაციო მიმართულებით; Pulsar-ის თანადამფუძნებელი;
ბექა დალაქიშვილი – ციფრული ინვოისირების პლატფორმა კერნელის დამფუძნებელი და დირექტორი;
გაბრიელ მელივა – დისტანციური იდენტიფიკაციის სტარტაპის Kvalifika-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
გლობალური კამპანია 2008 წლიდან დაიწყო და ამჟამად 200 ქვეყანაში 20000 პარტნიორს, 40000 აქტივობას, დიდ საერთაშორისო სტარტაპ ქომუნითის ყოველწლიურად აერთიანებს, მათ შორის ანტრეპრენერებს, სტარტაპებს, ინვესტორებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მკვლევარებს, სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და სხვებს.
საქართველოში GEN კამპანიის ოფიციალური მასპინძელია GEN Georgia (Global Entrepreneurship Network Georgia).