ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომელიც ავითარებს ნეიროჩიპებს აზრებით მოწყობილობების გასაკონტროლებლად, გეგმავს მსგავსი მოწყობილობის გამოშვებას მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, იუწყება The Independent. იგეგმება, რომ ახალი პროდუქტი დროთა განმავლობაში ვიზუალური ფუნქციების აღდგენის საშუალებას მისცემს.
„გარჩევადობა თავიდან დაბალი იქნება, როგორც ადრეული Nintendo-ს თამაშებში, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება უკეთესი გახდეს ვიდრე ადამიანის ნორმალური მხედველობა“, – წერს ილონ მასკი X-ში.
ახალ პროექტს Blindsight დაერქმევა. მასკმა თქვა, რომ ჩიპები უკვე მაიმუნებზე იტესტება და დასძინა, რომ ჩიპის იმპლანტაციის შედეგად არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ Neuralink არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი ცხოველების მიმართ სისასტიკის კუთხით. 2022 წელს, ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა შეიტანეს სარჩელი და დაადანაშაულეს ნეურალინკი მაიმუნების “უკიდურესი ტანჯვის” გამოწვევაში წლების განმავლობაში. საჩივრის ავტორების თქმით, 23 მაიმუნიდან 15 კომპანიის ექსპერიმენტების შედეგად დაიღუპა.
2017 წლის მარტში დაარსების დღიდან, Neuralink-მა შეიძინა “დიდი რაოდენობით ცხოველი” მისი ნერვული ინტერფეისების შესამოწმებლად, Wired-ის გამოძიების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის სექტემბერში. გამოცემა იტყობინება, რომ “დაახლოებით ათეულ პრიმატს” ევთანაზია მოუწია ჩიპის იმპლანტაციის შემდეგ. იმპლანტაციის გართულებებია სისხლიანი დიარეა, ნაწილობრივი დამბლა და ცერებრალური შეშუპება.
Neuralink პროექტი 2016 წელს დაიწყო. 2019 წლის ივლისში კომპანიამ პირველად აჩვენა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ტვინის სიგნალების გადაცემა Bluetooth-ის საშუალებით. 2021 წელს კომპანიამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ნაჩვენებია მაიმუნი, სახელად პეიჯერი, რომელიც თამაშობს ვიდეო თამაშებს ტვინში ჩადგმული ჩიპის გამოყენებით.
2024 წლის იანვარში მასკმა განაცხადა, რომ ნეიროჩიპი პირველად ჩაუნერგეს ადამიანში; ის იყო 29 წლის ნოლან არბაუ, რომელიც მხრებიდან ქვევით პარალიზებული იყო უბედური შემთხვევის გამო. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და აზროვნების ძალით შეძლო კომპიუტერული თაგვის მართვა. 21 მარტს არბომ აჩვენა, თუ როგორ თამაშობს კომპიუტერულ ჭადრაკს თავისი აზრების ძალით.