Apple გეგმავს App Store-ის განყოფილების რეორგანიზაციას, რომელსაც ორ ნაწილად გაყოფს. თანამშრომელთა ერთი ჯგუფი უხელმძღვანელებს App Store-ის “საერთო” განვითარებას, მეორე კი – სერვისის მუშაობას ალტერნატიულ ბაზრებზე, პირველ რიგში ევროკავშირში. ის ასევე იმუშავებს სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობაზე, როგორიცაა Epic Games Store, იუწყება Bloomberg.
გამოცემის ინფორმაციით, კარსონ ოლივერი, რომელიც ამჟამად App Store-ის ბიზნესის მართვის უფროსი დირექტორის თანამდებობას იკავებს, უხელმძღვანელებს პირველ გუნდს. მეორეს კი უხელმძღვანელებს ენ ტაი, App Store-ისა და Apple Arcade-ის გლობალური პროდუქტების დირექტორი. მათ კურირებას გაუწევს ფილ შილერი, Apple-ის ყოფილი უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში.
App Store-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მეთ ფიშერი დატოვებს თავის თანამდებობას. მან LinkedIn-ზე განაცხადა, რომ Apple-ს ოქტომბრის შუა რიცხვებში დატოვებს, ხოლო მანამდე დაეხმარება ოლივერსა და ტაის ახალ მოვალეობებთან ადაპტაციაში.
“ამაზე უკვე გარკვეული დროა ვფიქრობდი და რადგან ჩვენ ასევე ვახდენთ გუნდის რეორგანიზაციას ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე უკეთ რეაგირებისთვის, ახლა დადგა შესაფერისი დრო, რომ ესტაფეტა გადავცე ორ გამორჩეულ ლიდერს ჩემს გუნდში”, – განაცხადა ფიშერმა თანამშრომლებისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.
ინსაიდერები App Store-ის ორ გუნდად გაყოფის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში იუწყებოდნენ. მათი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიცვან ევროკავშირის წესები და არ დაკარგონ ბაზრის დიდი ნაწილი.