Nvidia-მ წარმოადგინა RTX 50 თაობის გრაფიკული ადაპტერები, რომლებშიც შევიდა ოთხი მოწყობილობა Blackwell-ის არქიტექტურის ბაზაზე: GeForce RTX 5090, RTX 5080, RTX 5070 Ti და RTX 5070. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა ახალი ვიდეო ბარათები CES 2025 გამოფენაზე წარადგინა.
უახლესი სერიის ვიდეო ბარათებმა მიიღო ახალი დიზაინი Founder Edition ვერსიებში. ყველა გრაფიკული ადაპტერი აღჭურვილია ორნაკადიანი ვენტილატორებით, 3D-აორთქლებადი კამერებითა და GDDR7 მეხსიერებით. ყველა მათგანს აქვს PCIe 5.0 ინტერფეისი და DisplayPort 2.1b კონექტორები 8K-მდე და 165 ჰც-მდე დისპლეების მართვისთვის.
RTX 5090 Founders Edition ორსლოტიანი ვიდეო ბარათია, რომელიც პატარა კომპიუტერებშიც კი მოთავსდება. კონფიგურაცია განახლდა RTX 4090-ის ზომასთან შედარებით. Nvidia-ს ახალი ფლაგმანი ვიდეო ბარათი აღიჭურვება 32 გბ GDDR7 მეხსიერებით 512-ბიტიან შინაზე და 21760 CUDA ბირთვით.
Nvidia გვარწმუნებს, რომ RTX 5090 ორჯერ უფრო სწრაფი იქნება RXT 4090-ზე DLSS 4-ისა და Blackwell-ის არქიტექტურის წყალობით. თუმცა, გაიზრდება ენერგომოხმარებაც, მწარმოებელი მიუთითებს, რომ ფლაგმანი ვიდეო ბარათის TDP 575 ვტ იქნება.
RTX 5080 ორჯერ უფრო სწრაფი უნდა იყოს RXT 4080-ზე. ის მიიღებს 16 გბ ვიდეო მეხსიერებას და 10 752 CUDA ბირთვს 360 ვტ სიმძლავრით. RTX 5070 Ti აღჭურვილია 16 გბ GDDR7-ით და 8960 CUDA ბირთვით, ხოლო RTX 5070 – 12 გბ GDDR7-ით და 6144 CUDA ბირთვით. უკანასკნელი ორი მოდელის TDP შეადგენს 300 ვტ-ს და 250 ვტ-ს.
მწარმოებელი მიუთითებს, რომ RTX 5070 Ti და RTX 5070 ორჯერ უნდა აღემატებოდეს სისწრაფით RTX 4070 Ti-ს და RTX 4070-ს. ჰუანგმა საერთოდ განაცხადა, რომ RTX 5070 უზრუნველყოფს RTX 4090-ის წარმადობას, მაგრამ 550$-ად.
გარდა ამისა, Nvidia-მ დააანონსა ლეპტოპები RTX 50 ვიდეო ბარათებით. მობილური RTX 5090 მიიღებს 24 გბ GDDR7-ს, RTX 5080 – 16 გბ-ს, RTX 5070 Ti – 12 გბ-ს, RTX 5070 – 8 გბ-ს. ლეპტოპები Nvidia-ს ახალი ვიდეო ბარათებით გაყიდვაში 2025 წლის მარტიდან გამოჩნდება.
კომპანიამ RTX 50 სერიის ვიდეო ბარათები RTX 4090-ისა და RTX 4080-ის ანონსიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ წარმოადგინა, რომლებიც Ada Lovelace-ის არქიტექტურაზეა დაფუძნებული.
წარმოდგენილი ვიდეო ბარათების ღირებულება:
ვიდეო ბარათი: | ფასი: |
GeForce RTX 5090 | $2000 |
GeForce RTX 5080 | $1000 |
GeForce RTX 5070 Ti | $750 |
GeForce RTX 5070 | $550 |