2023 წლის შემოდგომაზე Intel-მა წარადგინა Thunderbolt 5 — აპარატურული ინტერფეისის განახლებული ვერსია. ახალი კონექტორით აღჭურვილი პირველი მასობრივი მოწყობილობა გახდა Razer Blade 18-ის ლეპტოპი, ხოლო 2024 წლის ბოლოს Thunderbolt 5-მდე განახლდა Apple-ის პროდუქტებიც — Mac mini და MacBook Pro M4 Pro და M4 Max პროცესორებზე.
Intel-ი Thunderbolt-ს “კაბელს ყველაფრისთვის” უწოდებს: პროტოკოლი მხარს უჭერს მონაცემების, ვიდეოსა და ენერგიის ერთდროულ გადაცემას, აერთიანებს რა PCIe, DisplayPort და Power Delivery ტექნოლოგიებს. მაგალითად, შესაძლებელია კვების ბლოკის მონიტორთან, ხოლო მონიტორის ლეპტოპთან დაკავშირება. და ეს უკანასკნელი ერთი კაბელით მიიღებს ენერგიასაც და გამოიტანს გამოსახულებასაც. Thunderbolt-ის ფიზიკური კონექტორი, მესამე ვერსიიდან მოყოლებული, ერთია — USB-C.
მეხუთე ვერსიაში ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი ნახტომი განიცადა: გაორმაგდა გამტარუნარიანობა, საგრძნობლად გაიზარდა ენერგიის მიწოდების მაქსიმალური სიმძლავრე. გარდა ამისა, Thunderbolt-ს ახლა შეუძლია ერთდროულად რამდენიმე 8K მონიტორის “გადამუშავება”.
Thunderbolt 5, Thunderbolt 4 და USB4-ის მახასიათებლების შედარება
მახასიათებლები | Thunderbolt 5 | Thunderbolt 4 | USB4 |
გამტარუნარიანობა | 80 გბ/წმ (120 გბ/წმ Bandwidth Boost-ით) | 40 გბ/წმ | 20 / 40 / 80 გბ/წმ |
მონიტორების მხარდაჭერა | 2x 8K@60 ჰც 3x 4K@144 ჰც | 1x 8K@60 ჰც 1x 4K@120 ჰც | დამოკიდებულია DisplayPort რეჟიმზე |
ენერგიის მიწოდების მაქს. სიმძლავრე | 240 ვტ | 140 ვტ | 140 / 240 ვტ |
ენერგიის მიწოდების მინ. სიმძლავრე | 15 ვტ | 15 ვტ | 7,5 ვტ |
Thunderbolt-ის მეხუთე ვერსია აგებულია USB4 V2, DisplayPort 2.1 და PCIe Gen4-ის ბაზაზე, ამასთან, სრულად თავსებადია წინა ვერსიებთან.
როგორც ცხრილიდან ჩანს, USB4-ის მახასიათებლები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კონკრეტული მოწყობილობის მიხედვით. საქმე იმაშია, რომ ტექნოლოგია არ ითვალისწინებს სავალდებულო სერტიფიცირებას. Intel-ი კი Thunderbolt-თან თავსებადი მოწყობილობების მწარმოებლებს ლიცენზირებას სთხოვს. ამიტომ, ბიუჯეტურ გაჯეტებში ეს ინტერფეისი თითქმის არ გვხვდება.
რომელი მოწყობილობებია თავსებადი Thunderbolt 5-თან
იმისათვის, რომ მიიღოთ Thunderbolt 5-ის ყველა შესაძლებლობა, კაბელის ორივე ბოლოზე მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ ინტერფეისის ახალი ვერსიის მხარდაჭერა. პრობლემა ის არის, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის თავსებადი გაჯეტები და აქსესუარები არც ისე ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია, შეგახსენებთ, ერთ წელზე მეტი ხნის წინ წარადგინეს.
ლეპტოპებს შორის Thunderbolt 5-ს მხარს უჭერენ Razer Blade 18 (2024), Maingear ML-17, ასევე MacBook Pro 14” და 16” M4 Pro და M4 Max პროცესორებით. პლუს დესკტოპ კომპიუტერი — Mac mini M4 Pro-თი. გარდა ამისა, Apple-მა გამოუშვა 70-დოლარიანი Thunderbolt 5 Pro კაბელი, თუმცა შეგიძლიათ იპოვოთ უფრო იაფი ანალოგებიც.
იანვრის დასაწყისში LG-მ წარმოადგინა UltraFine 6K მონიტორი Thunderbolt 5-ის მხარდაჭერით. ასევე არის შეზღუდული რაოდენობის ახალ ტექნოლოგიასთან თავსებადი დოკ-სადგურები, გარე SSD-მეხსიერებები და GPU.