Apple-მა განაახლა Mac Studio-ს დესკტოპ კომპიუტერი. მთავარი სიახლე M3 Ultra და M4 Max პროცესორების მხარდაჭერაა. დანარჩენი კი იგივე მოწყობილობაა, ოღონდ უფრო პროდუქტიული.

M3 Ultra ჩიპი არის ორი M3 Max პროცესორი, რომლებიც დაკავშირებულია UltraFusion ინტერფეისით. მომხმარებლებს არჩევანის საშუალება აქვთ 28-ბირთვიანი CPU, 60-ბირთვიანი GPU, 32-ბირთვიანი NPU და 32-ბირთვიანი CPU, 80-ბირთვიანი GPU, 32-ბირთვიანი NPU ვერსიებს შორის. პროცესორები მხარს უჭერენ 512 გბ-მდე ოპერატიულ მეხსიერებას და 16 ტბ მუდმივ მეხსიერებას. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ჩიპი უპრობლემოდ უშვებს 600 მილიარდამდე პარამეტრის მქონე მანქანური სწავლების მოდელებს.
M3 Ultra-ზე მომუშავე Mac Studio-ს შეუძლია ერთდროულად გამოიტანოს გამოსახულება რვა Apple Pro Display XDR გარე მონიტორზე და დაამუშავოს 22-მდე ვიდეო ნაკადი 8K ProRes 422 რეზოლუციით. კომპიუტერს ასევე აქვს Thunderbolt 5-ის მხარდაჭერა, მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 120 გბიტ/წმ-მდე, რაც სამჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Thunderbolt 4.
Mac Studio-ს უკანა მხარეს აქვს ოთხი Thunderbolt 5 პორტი, ორი USB-A, HDMI, 10-გიგაბიტიანი Ethernet, აუდიო ბუდე და ჩართვის ღილაკი. წინა მხარეს არის კიდევ ორი Thunderbolt პორტი და მეხსიერების ბარათის სლოტი.

“ბიუჯეტური” Mac Studio M3 Ultra პროცესორზე, 28-ბირთვიანი CPU, 60-ბირთვიანი GPU, 96 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 1 ტბ მუდმივი მეხსიერებით 4 ათასი დოლარი ღირს. მაქსიმალური კონფიგურაცია M3 Ultra 32/80 ბირთვით, 512 გბ ოპერატიული და 16 ტბ მუდმივი მეხსიერებით 14 ათასი დოლარი დაჯდება.

Apple-მა ასევე წარმოადგინა Mac Studio M4 Max პროცესორით, რომელიც ხელმისაწვდომია 14/32 და 16/40 ბირთვიან ვერსიებში. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 8 ტბ მუდმივი მეხსიერება. განახლებული კომპიუტერების წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, ხოლო გაყიდვები ოფიციალურად 2025 წლის 12 მარტს დაიწყება. მანამდე Apple-მა M4-ით აღჭურვილი MacBook Air-ი წარმოადგინა და M3-ით აღჭურვილი iPad Air-ი დააანონსა.