Intel-მა Core Ultra Series 3 (Panther Lake) პროცესორები წარადგინა. ეს არის 18A ტექნოლოგიურ პროცესზე დაფუძნებული პირველი მასობრივი CPU-ები, რომლებიც აშშ-შია შექმნილი და წარმოებული

CES 2026-ზე Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Core Ultra Series 3 პროცესორების ხაზი (Panther Lake-ის ოჯახი). ეს კორპორაციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მოცემული CPU-ები გახდა პირველი სამომხმარებლო პროცესორები, რომლებიც შექმნილია Intel 18A-ის მოწინავე ტექნოლოგიურ პროცესზე და სრულად აშშ-შია შემუშავებული და წარმოებული.

Intel-ს შემოაქვს პროცესორების ახალი კლასები — Core Ultra X9 და X7. ეს იქნება ტოპ-მოდელები გეიმერული ლეპტოპებისა და სამუშაო სადგურებისთვის. თუ კონკრეტულ მოდელებზე ვისაუბრებთ, ფლაგმანური Core Ultra X9 388H მიიღებს 16-ბირთვიან CPU-ს და ინტეგრირებულ GPU-ს 12 Xe ბირთვით. ჩაშენებული ნეიროპროცესორი გამოსცემს 50 TOPS-მდე სიმძლავრეს, რაც თანამედროვე AI PC-ების მოთხოვნებს შეესაბამება.

ჯიმ ჯონსონმა, Intel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობაზე. Lenovo-ს რეფერენს-ლეპტოპზე ჩატარებული ტესტების მიხედვით, Panther Lake-ის პროცესორებს შეუძლიათ უზრუნველყონ 27 საათამდე ავტონომიური მუშაობა.

Intel-მა ასევე მოახდინა Panther Lake-ის სერტიფიცირება ინდუსტრიული გამოყენებისთვის (ჭკვიანი ქალაქები, რობოტექნიკა, მედიცინა), სადაც საჭიროა 24/7 რეჟიმში მუშაობა და ტემპერატურული დიაპაზონის გაფართოება. კომპანია პირდაპირ ადარებს სიახლეს Nvidia Jetson Orin AGX 64GB პლატფორმას და აცხადებს საკუთარ უპირატესობაზე:

  • 1,9-ჯერ სწრაფი LLM ამოცანებში (პირველ ტოკენამდე დრო);
  • 2,3-ჯერ უკეთესი წარმადობის თანაფარდობა ვატზე/დოლარზე ვიდეოანალიტიკაში;
  • 4,5-ჯერ მაღალი გამტარუნარიანობა ვიზუალურ-ენობრივ მოდელებში.

Intel-ის პარტნიორები Panther Lake-ზე დაფუძნებული 200-ზე მეტი მოწყობილობის გამოსაშვებად ემზადებიან. წინასწარი შეკვეთები მზა მოწყობილობებზე დღეიდან მიიღება, ხოლო გლობალური გაყიდვები 27 იანვარს დაიწყება. Panther Lake-ზე დაფუძნებული ინდუსტრიული სისტემები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *