Qualcomm-ის უახლესი ანონსების პარალელურად, Motorola-მ ოფიციალურად წარმოადგინა Motorola Signature 27 — ნამდვილი ფლაგმანური მოდელი, რომლის გამოსვლაც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
Motorola Signature-ზე დაყრდნობით, რომელიც ფსევდოფლაგმანი იყო და მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა, Signature 27 იყენებს დასახელების ახალ სქემას (მომავალ წელზე დაფუძნებულს), თამამ, გამორჩეულ დიზაინსა და ნამდვილი ფლაგმანის ტექნიკურ მახასიათებლებს.
თუ მისი წინამორბედი Qualcomm-ის შედარებით დაბალი რანგის Snapdragon 8 Gen 5-ზე იყო დაფუძნებული, Motorola Signature 27 იყენებს Snapdragon 8 Elite Extreme Gen 6-ს — ახალ ჩიპს, რომელიც იმდენადვე მძლავრია, რამდენადაც გრძელია მისი სახელი. ეს Motorola-ს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბრენდს საკმაო ხანია სრულფასოვანი ფლაგმანური ჩიპსეტი არ გამოუყენებია. Motorola Razr Ultra (2025) იყენებდა Snapdragon 8 Elite-ს, თუმცა მის მემკვიდრეს განახლება აღარ მიუღია, ხოლო კომპანიის ხაზის სხვა მოწყობილობები, მათ შორის 1900 დოლარიანი Razr Fold-იც კი, არ გასცდენია Snapdragon 8 Gen 5-ს.
Qualcomm-მა დააანონსა Snapdragon 8 Elite Gen 6 და 8 Elite Extreme Gen 6
Motorola-ს განცხადებით, Snapdragon 8 Elite Extreme Gen 6-ისგან უნდა ველოდოთ ხელოვნური ინტელექტის (AI) გაუმჯობესებულ ლოკალურ ფუნქციებს, ასევე „სწრაფ და მგრძნობიარე“ გეიმინგს, ჩამოტვირთვის უფრო მაღალ სიჩქარეს სხვადასხვა ქსელში და კამერის გაუმჯობესებასაც. აქ წარმოდგენილია „ArcticMesh“ გაგრილების სისტემა, რომელიც აერთიანებს 40%-ით უფრო დიდ ორთქლის კამერას, თხევად ლითონს, სპილენძის ბადესა და „ალმასით გაჯერებულ თერმოგელს“.
Motorola Signature 27-სთვის დაპირებულია Android OS-ისა და უსაფრთხოების 7-წლიანი განახლებები, უკანა პანელზე განთავსებული ოთხმაგი კამერის მოდულით კი ის ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. მასში შედის 50 მპ Sony LYTIA 910 მთავარი სენსორი და 200 მპ პერისკოპული ტელეფოტო ლინზა. დანარჩენი ორი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. თავად დიზაინი ათ წელზე მეტი ხნის წინანდელი Droid Razr-ის ელფერს აცოცხლებს.
Signature 27 გამოვა ორ ფერში: „Coal Smoke“ „Tactical Weave“ ტექსტურით, ან „Capulet Green“ „ტექსტილით შთაგონებული დავარცხნილი ზედაპირით“.
გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა და Motorola-ს არც კონკრეტული სარეალიზაციო ბაზრები გაუმხელია. კომპანიის თქმით, მოწყობილობის დებიუტი „მსოფლიო მასშტაბით“ 2026 წელს შედგება, ასევე დაადასტურა ჩრდილოეთ ამერიკაში გაშვება „მომდევნო თვეებში“.