ბლოგერი, ქოფირაითერი, სოციალური მედიისა და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი – ლილი ფულარიანი უკვე წლებია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას სხვებს უზიარებს.
ამჟამად ბაღდათში, სოფელ დიმში ცხოვრობს, სადაც საცხოვრებლად ორი წლის წინ თბილისიდან გადავიდა. ლილი სოფელში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს და ახალ თაობას ციფრულ უსაფრთხოებას ასწავლის. ახალგაზრდების გარდა, ცოდნას რეგიონებში მაცხოვრებელ ქალებს უზიარებს და მათთვის ტრენინგებს ატარებს. მისი თქმით, საკუთარ თავს ციფრული უსაფრთხოების სფეროში ხედავს.
ამის გარდა, ლილი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბაღდათის გაციფრულებაზე მოხალისეობრივად მუშაობს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაღდათის ყველაზე ციფრულ მუნიციპალიტეტად ქცევაა.
ლილიმ ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი რესურსებით თავისი 120 წლის სახლი აღადგინა, რათა სოფლის მაცხოვრებლებისთვის ახალი საგანმანათლებლო სივრცე შექმნილიყო. “ნინასოული” – ახლა ასე ქვია იმერულ ხის ოდა სახლს, რომელიც აგროტურისტული სახლად გადაიქცა. დიმელები იდეების განსახილველად, პროექტებზე სამუშაოდ და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ სწორედ ამ სივრცეს იყენებენ. აქვე დიმელი ქალების მიერ წარმოებული პროდუქტი იყრის თავს.
ლილი ფულარიანი საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და ამჟამინდელ საქმიანობაზე უფრო ვრცლად თავად გვიყვება:
“ამჟამად ბაღდათის რაიონ სოფელ დიმში ვცხოვრობ, იმერეთში. აქ ახალგაზრდული ტექნოლოგიების კლუბში ვასწავლი. უფრო მეტად ვცდილობ არასამთავრობო სფეროს ან მოხალისე ჯგუფებს შევუერთდე, ვიდრე კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი თანამშრომლების გადატრენინგება სურთ. ძირითადად ახალგაზრდებს და ქალებს ვეხმარები ცოდნის მიღებაში.
ციფრულ უსაფრთხოებას ვასწავლი: როგორ დაიცვან თავი, რადგან ქალები და ბავშვები, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დაუცველები არიან. აქ ყველაფერი უფრო რთულად არის, ვიდრე დიდ ქალაქებში.
რატომ გადაწვყიტეთ სოფელში დაბრუნება და რა აქტივობებს ახორციელებთ?
– მარტივი მიზეზით დავბრუნდი: მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელსაც მე ვუვლი. ქალაქში ყოფნა გაუჭირდა. ჯერ 4-5 თვით ჩამოვედით, შემდგომ კი საბოლოოდ დავრჩით. პანდემიის დროს, კარანტინში სახლში ყოფნა თვეობით მომიწია, რაც მარტივი არ იყო, რადგან ჰიპერაქტიური ადამიანი ვარ. გამიჩნდა სურვილი, რომ ის რასაც თბილისში ვაკეთებდი აქაც გამეგრძელებინა და მოსახლეობისთვის რაღაცეები მესწავლებინა.
თავიდან მეგონა, ჩემი აქტივიზმი, ტექნოლოგიების სფეროში მიღებული გამოცდილება სოფელში საჭირო არ იყო, თუმცა, მივხვდი, რომ აქ უფრო მეტად სჭირდებათ.
დასაწყისში ირონიული მზერები და რეპლიკებიც იყო, დადებითად არ გვიყურებდნენ. თუმცა ამან ჩემზე დიდი გავლენა არ მოახდინა. რამდენიმე ქალი მყავდა გვერდზე, შეთანხმებული ვიყავით, რომ ცვლილებები დაგვეწყო. უკან აღარ დავიხიე, რადგან ვალდებულებას ვგრძნობდი მათ გამო. ერთად დავიწყეთ დიმელი ქალების სახელით აქტიურობა.
წელიწად ნახევარში სხვების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ახლა უკვე დახმარებასაც გვთავაზობენ.
ვცდილობ რომ მხოლოდ ჩემგან არ წამოვიდეს ინიციატივა. ვხედავ აქ მაცხოვრებელ ქალებს სხვა სურვილები და ოცნებები აქვთ, ვიდრე მე რომელმაც 15 წელი ქალაქში გავატარე.
კითხვებს ვსვამთ, საჭიროებიდან გამომდინარე იდეები გვიჩნდება. მატერიალური საჭიროებებიდან წამოვიდა იდეები,
სოფლებში როცა ქალები ერთმანეთს ვხვდებით, ძირითადად სახლებში, სამზარეულოებში, ან ჭიკრებთან ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, სკვერიც არ გვქონდა. ამ საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა სკვერის გაკეთების იდეა.
კინოთეატრიც მოვაწყეთ. ბავშვებს რომ ვკითხეთ კინოთეატრის შესახებ, აღმოჩნდა რომ არ იცოდნენ რა იყო, რადგან მანამდე კინოში არასოდეს ყოფილან.
ერთხელ საუბრისას, ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდან სურდა ეზოში კინოთეატრი მოეწყო. მეც ვთქვი, რომ ეს ჩემი ოცნებაც იყო. ამასობაში მესამე ქალი შემოგვიერთდა, ჩვენი აზრები რომ გავუზიარეთ, აღმოჩნდა, რომ სამივეს ერთი და იგივე სურვილი გვქონდა. სამმა ქალმა ერთობლივი ოცნება ავისრულეთ. თავად მოვიტანეთ საჭირო ნივთები, ფიზიკურად ვიმუშავეთ. მიზანს მივაღწიეთ და სოფელში ღია კინოთეატრი გაკეთდა.
როგორია ადგილობრივების სურვილები და მოლოდინები?
– სოფელში უიმედობაა. პანდემიის დროს ჩვენთან ემიგრაციიდან 4 ქალი ჩამოვიდა. მათი სურვილი იყო, რომ აღარ წასულიყვნენ, თუმცა სამს ისევ უკან დაბრუნება მოუწია.
ვიღაცეებს იმედი გაუჩნდათ, რომ ჩვენი საქმიანობით რაღაცეებს შევცვლით. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ძალიან მაწუხებს მიგრაციის თემა ჩვენს სოფელში, ყოველი სამიდან ორი ქალი წასულია. ამ სოფლებში ხალხი რომ ცხოვრობს სწორედ ამ ქალების დამსახურეებაა, სხვა შემოსავალი მათ არ აქვთ.
სამომავლო გეგმები თუ გაქვთ?
რატომღაც ფიქრობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიები უფრო ქალაქის და ურბანული დასახლების თემაა, თუმცა ასე არ არის. ჩვენ ვაპირებთ ბადღათის გაციფრულებას. აქ საოცარი რესურსები, ხალხი, კულტურა, ინტელექტია. მათ შორის, ბაღდათი მეღვინეობით საკმაოდ განთქმულია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ ჩანს.
ამიტომაც გვინდა, რომ ეს ადგილი გავაციფრულოთ და ქართველებისთვის და უცხოელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ეს ნიშნავს, რომ ბაღდათში შენობებს, სამსახურებს, სერვისებს, ყველაფერს შესაბამის პლატფორმაზე მოვნიშნავთ. საწყის ეტაპზე, Google Map-ზე, შემდგომ კი სოციალურ ქსელებშიც. რამდენიმე თვეში ბაღდათი ციფრულად ყველაზე გამართული მუნიციპალიტეტი იქნება.
ამას ჯერჯერობით მოხალისეობრივად ვაკეთებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად: ახალგაზრდულ ტექნოლოგიურ კლუბში ვასწავლით ევროკავშირის დაფინანსებით.
პრაქტიკულ ნაწილს მოხალისეობრრივად ვაკეთებთ.
ვაპირებთ რომ ბაღდათი იყოს ყველაზე ციფრული მუნიციპალიტეტი საქართველოში. ამით კი ხელს შევუწყობთ ტურიზმს, მცირე ბიზნესს, ტექნოლოგიურ ცოდნის გავრცელებას და დისტანციური სამსახურების გაჩენას.
აღსანიშნავია, რომ ლილი ფულარიანი 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაში მენტორი იყო. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, მან ის ტრენერები გადაამზადა, რომლებმაც შემდგომში უკვე დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 124 ქალს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეასწავლეს. პროექტის დასრულების შემდეგ ლილიმ მონაწილეებთან ერთად “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები” შექმნა.
“ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის Unwomen-ის პროექტში ჩავერთვე. ბევრი სხვა ორგანიზაციაც იყო ჩართული.
გუნდთან ერთად ვმუშაობდით, სადაც ტრენერი და მენტორი ვიყავი. პროექტის ფარგლებში, რეგიონში მაცხოვრებელ ქალებთან ვმუშაობდი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი, როდესაც ქალებს რეგიონებში ტექნოლოგიები ვასწავლეთ, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სწავლების პროცესში პირადი ისტორიის გაზიარებაც დამეხმარა. მონაწილე ქალებს მოვუყევი, რომ მეც მათსავით სოფლელი ქალი ვარ, რომელსაც წლების წინ დახეული ფეხსაცმელი ეცვა და ისე დადიოდა სადღაც. ძალიან კარგად მესმის, ეს ქალები შეხვედრებზე რა გაჭირვებით მოდიან. მესმის, რატომ ჯდება ვიღაცა დარბაზის უკან, რადგან დახეული ფეხსაცმელი აცვია. ან ვიღაც სულ ტელეფონზე რომ იყურება, რადგან ჩუმად არის წამოსული, ან გზის ფულის პრობლემა შეექმნათ.
ჩემთან კავშირი იგრძნეს. შედეგად, დიდ და ძალიან კარგ გუნდთან ერთად, საერთო ძალისხმევით, შევძელით, რომ სტაჟირება თითქმის ნახევარმა გაიარა. ზოგიერთი მათგანი, ამ სტაჟირების მერე დასაქმდა კიდეც. ზოგი კი დისტანციურად მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პრობლემებს ეს ქალები უფრო მომზადებულები შეხვდნენ. მათ უკვე ჰქონდათ საჭირო უნარები.
თავდაპირველად, მათ Word-ში მუშაობაც კი არ იცოდნენ. მათი სწავლის პროცესში, მეც ბევრი რამ ვისწავლე. სულ სხვაა, როცა თბილისში სტუდენტებს ვასწავლი, და სულ სხვანაირი გამოცდილებაა ქალებს რომ ვასწავლი რეგიონებში.
სწავლის სურვილი არსებობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. უმრავლესობას სახლში კომპიუტერიც კი არ აქვს. მატერიალურ პრობლემებამდე დადის ეს საკითხი, როდესაც სურვილი არსებობს შესაძლებლობები არა.” – ამბობს ლილი ფულარიანი.
„ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების“ მიზანი რეგიონებში მაცხოვრებელი ქალების დახმარება იყო, რათა მათ ციფრული ცოდნის მიღების, დასაქმების და კარიერული წინსვლის საშუალება ჰქონოდათ. ორგანიზაციის წევრები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სხვებს მოხალისეობრივად უზიარებდნენ. მათ მსურველებისთვის სხვადასხვა ტრენინგი და შეხვედრა ჩაატარეს და ისეთი სფეროები მოიცვეს, როგორიც არის: კიბერწიგნიერება, ვებპროგრამირება, გრაფიკული დიზაინი და სხვა.