Microsoft-მა TechCrunch-სა და საკუთარ ბლოგზე დაადასტურა, რომ 2025 წლის 5 მაისს Skype-ის მესენჯერს გათიშავს და მომხმარებლებს Teams Free პლატფორმაზე გადაიყვანს. Skype-ის კლიენტებს 10 კვირა აქვთ იმის გადასაწყვეტად, თუ რა სურთ საკუთარ ანგარიშთან დაკავშირებით. გაურკვეველია, რამდენ მომხმარებელს შეეხება ეს ცვლილება. ბოლო მონაცემები, რომელიც Microsoft-მა გააზიარა, 2023 წლით თარიღდება, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ Skype-ში 36 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავდა, რომლის აუდიტორიაც პიკის პერიოდში 300 მილიონ მომხმარებელს აღწევდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს შეეხება Skype-ის ყველა ჩვენს მომხმარებელს და ძალიან მადლიერი ვართ მათი მხარდაჭერისთვის Skype-ის მიმართ და იმ ცოდნისთვის, რომელიც Teams-ში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იქნა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, მთელი ჩვენი ყურადღების Teams-ზე კონცენტრირება საშუალებას მოგვცემს უფრო მარტივი გზავნილი მივიტანოთ და დავაჩქაროთ ინოვაციები. დღეიდან 5 მაისამდე მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიტანონ ყველა კონტაქტი და ჩატების მონაცემები Microsoft Teams-ის პლატფორმაზე. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ საკუთარი Skype-ის მონაცემები აპლიკაციაში ჩაშენებული ექსპორტის ხელსაწყოს გამოყენებით“, — განაცხადა Microsoft 365 Collaborative Apps and Platforms-ის პრეზიდენტმა ჯეფ ტეპერმა TechCrunch-თან ინტერვიუში.
2025 წლის თებერვლის ბოლოს, XDA Developers-ის რესურსის დეველოპერებმა აღმოაჩინეს, რომ Windows-ისთვის განკუთვნილი Skype-ის ახალ წინასწარ ვერსიაში გამოჩნდა სტრიქონი ინფორმაციით იმის შესახებ, რომ Microsoft ამ წლის მაისში დახურავს პოპულარული მესენჯერის სერვისს და კლიენტებს სრულად Teams-ში გადაიყვანს.
Skype-ის ახალი სატესტო ვერსიის კოდში დამალული სტრიქონი გვაუწყებს: „მაისიდან Skype აღარ იქნება ხელმისაწვდომი. განაგრძეთ ზარები და მიმოწერები Teams-ში“. სხვა დეტალები იქ არ არის მოყვანილი.
Microsoft-მა Skype-ის კლასიკური ვერსიის მხარდაჭერა 2018 წლის ნოემბერში შეწყვიტა. 2024 წლის ზაფხულში Microsoft-მა Skype Windows 11-ში აღადგინა, ასევე ამოიღო იქიდან რეკლამა და მესენჯერის მუშაობა გააუმჯობესა.
2024 წლის დეკემბერში Microsoft-მა Skype Number სერვისის მომსახურება შეწყვიტა. მესენჯერის მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ Skype Credits-ის ყიდვა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან სასაუბროდ.
Skype პირველად 2003 წელს გაეშვა და თავისი აყვავების პერიოდში VOIP შეტყობინებების ძალიან პოპულარული პლატფორმა იყო. Microsoft-მა Skype 2011 წელს 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას შემდეგ ცდილობდა მის ინტეგრირებას ბევრ პროდუქტში, მათ შორის Windows-ში, Windows Phone-ში და Xbox-შიც კი. კომპანია განაახლებდა და გადააკეთებდა Skype-ს რამდენჯერმე ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის აპლიკაციის დაყოფას სერვისის Windows 10 Mobile-ის „ტელეფონისა“ და „შეტყობინებების“ აპლიკაციებში ინტეგრირების მცდელობაში, რათა ის iMessage-ის სიცოცხლისუნარიან კონკურენტად წარმოეჩინა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Skype მომხმარებლების მხრიდან იგნორირებული იყო. Microsoft-მა ვერ შეძლო Skype სიცოცხლისუნარიან ვარიანტად წარმოეჩინა პანდემიის დროს და ეს სერვისი დიდწილად მეორე პლანზე გადავიდა მომხმარებლების თვალში. მომხმარებლების უმეტესობა უფრო თანამედროვე პლატფორმებზე გადავიდა, მათ შორის Telegram, Zoom, WhatsApp, iMessage და Discord