პერსონალური კომპიუტერების ოპერატიული მეხსიერების გაძვირების ფონზე, მომხმარებლებმა დაიწყეს ლეპტოპის SODIMM მოდულების მასობრივად ყიდვა SODIMM-to-DIMM ადაპტერებთან ერთად. ეს საშუალებას იძლევა, კომპიუტერის აწყობისას უფრო ხელმისაწვდომი ოპერატიული მეხსიერება (RAM) იქნას გამოყენებული.
3DCenter.org-ში აღნიშნეს, რომ ეს ადაპტერები შედარებით იაფია. თუ ლეპტოპის SODIMM ოპერატიული მეხსიერების მოდულები საშუალოდ 136%-ით გაძვირდა, პერსონალური კომპიუტერის DIMM მოდულების ფასი 245%-ით გაიზარდა. პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ლეპტოპის მეხსიერების შეძენა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას საკმაოდ მაღალი წარმადობა ბევრად ნაკლები დანახარჯებით და საბოლოოდ მოხერხდეს ახალი კომპიუტერის აწყობა.
SODIMM-to-DIMM უფრო დროებითი გამოსავალია, ვიდრე იდეალური გადაწყვეტა: ადაპტერები ძირითადად განკუთვნილია ლეპტოპის სათადარიგო მეხსიერების ხელახალი გამოყენებისთვის და არა მაქსიმალური წარმადობის მისაღწევად. მომხმარებლები მზად უნდა იყვნენ მეხსიერების ტაქტური სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირებისა და უფრო მაღალი (ნელი) ტაიმინგებისთვის, რადგან SODIMM-ი წარმადობით ჩამოუვარდება პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს.
გარდა ამისა, ადაპტერის სტაბილური მუშაობის შესანარჩუნებლად ხშირად საჭიროა სისტემის მუშაობის ტაქტური სიხშირის შემცირება.
ამ შეზღუდვების მიუხედავად, ასეთი მიდგომა ფინანსურ სარგებელს იძლევა. 16 გბ მოცულობის DDR-4800 SODIMM მოდულის ფასი 100 ევროს შეადგენს, ხოლო პერსონალური კომპიუტერის მსგავსი გადაწყვეტილებები დაახლოებით 146 ევრო ღირს. Amazon-ზე SODIMM-to-DIMM ადაპტერების პოვნა 8-18 ევროდ არის შესაძლებელი, ხოლო ჩინელი მომწოდებლები ადაპტერებს 3-8 ევროდ გვთავაზობენ.
დეკემბრის შუა რიცხვებში გერმანულმა გამოცემა ComputerBase-მა დათვალა, რომ სამ თვეში ოპერატიული მეხსიერების ნაკრებების ღირებულება საშუალოდ 252%-ით გაიზარდა. ასევე, მათ მიუთითეს SSD (მყარი მდგომარეობის დისკების) და მყარი დისკების (HDD) ფასის მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც დაკავშირებულია ოპერატიული მეხსიერების დეფიციტთან.