Computex 2016-ზე კომპანია Asus-მა წარმოადგინა სამი ახალი სმარტფონი: მძლავრი ZenFone 3 Deluxe, უზარმაზარი ZenFone 3 Ulta და ბიუჯეტური ZenFone 3.
ZenFone 3 Deluxe
Asus-ის ახალი ფლაგმანი გასული წლის პლასტმასის მოდელისგან ძალიან განსხვავდება. მას 7,5 მილიმეტრი სისქის მეტალის კორპუსი აქვს არაპრიალა ტექსტურით, რის გამოც ის თითის ანაბეჭდებს თითქმის არ იტოვებს. გაქრა უკანა პანელზე ამოშვერილი ხმის კონტროლის ღილაკი და მის ნაცვლად მოთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც უცნაურად წაგრძელებულია მრგვალის ნაცვლად, თუმცა თითის დადება მასზე ძალიან ადვილია.
ეკრანი მართლაც უზარმაზარია და 5.7–დუიმიანია, მას წინა პანელის თითქმის 80% უჭირავს, თუმცა სმარტფონის გაბარიტებზე მაინც ნეგატიურად აისახება. გაჯეტი ძალიან ფართოა და მასთან ერთი ხელით მუშაობა მიჩვევას საჭიროებს. Super AMOLED ეკრანის ხარისი მისაღებია, რადგანაც ასეთი პანელები უკეთ ასახავენ შავ ფერს და მაღალი კონტრასტულობა ახასიათებთ, ამასთანავე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. რა თქმა უნდა, ენერგიის ნაკლებ ხარჯვას განაპირობებს მოკრძალებული გარჩევადობაც 1920×1080 ანუ Full HD.
ენერგიის ეკონომია მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც 3000–მილიამპერიანი აკუმულატორი, მაინც არ არის საკმარისად მძლავრი თანამედროვე ფლაგმანებისთვის. არის Quick Charge 3.0 ტექნოლოგია, რომლის ხარჯზეც ტელეფონის დატენვა 60%-მდე 30 წუთშია შესაძლებელია. ენერეგია და მონაცემები ახალ ტელეფონს ახალი პორტით USB Type C-ით გადაეცემა.
სმარტფონი ეფუძნება დღეისათვის ყველაზე სწრაფ Qualcomm Snapdragon 820 ჩიპსეტს და ყველაზე ძვირადღირებულ მოდიფიკაციაში Zenfone 3 Deluxe 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითაც კი არის აღჭურვლი. წარმოიდგინეთ, რომ ბაზრის ტიტანებიც კი, როგორიცაა Samsung და Huawei, თავის ფლაგმანებში მხოლოდ 4 გიგაბაიტით შემოიფარგლებიან.
ხარისხიანი ხმის მოყვარულებისათვის არის კარგი სიახლეებიც. ტელეფონს აქვს 24–ბიტიანი და 128–კილოჰერციანი Hi-Res Audio-ს მხარდაჭერა. თუმცა შთამბეჭდავი მულტიმედიური შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. ტაივანელებმა გადაწყვიტეს ძალიან მაღალი გარჩევადობის 23–მეგაპიქსელიანი ფოტო სენსორის გამოყენება. შესაძლოა, ეს კარგი არ იყოს იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ თუ ერთსა და იმავე ფართობზე განვათავსებთ ერთი 23 და მეორე 12–მეგაპიქსელიან მატრიცას, უკეთეს სურათებს გადაიღებს მეორე, რადგანაც პიქსელების ზომა მეტი იქნება, რითაც დინამიკური დიაპაზონი იზრდება და ნაკლებ რესურსებს მოიხმარს სურათის შემდგომი დამუშავებისთვის.
დანარჩენი პარამეტრებით კამერა ღირსეულად გამოიყურება. მას სწრაფი 0.03–წამიანი ავტოფოკუსი და F/2.0 საფირონის შუშით დაცული ობიექტივი აქვს. კამერაში არის ოპტიკური სტაბილიზაცია ოთხი ღერძით და აქტიურია, როგორც ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღების დროსაც.
ZenFone 3 Deluxe-ის ფასები ფლაგმანებისთვის მისაღებ დიაპაზონშია და უმცროსი მოდელისთვის 500 დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, განსხვავება იქნება მხოლოდ ოპერატიულ და შიდა მეხსიერების მოცულობაში.
SIM ბარათების სლოტი ყველა მოდელში ერთნაირია და არის 2 ბარათის ან SIM+microSD კონფიგურაციის გამოყენების საშუალება.
ZenFone 3 Ultra
მას უფრო დიდი, 6,8–დუიმიანი ეკრანი აქვს, რაც ლამის პლანშეტის კატეგორიაში გაიყვანს სმარტფონს. ეს ნამდვილი აღმოჩენაა განსაკუთრებით დიდი ეკრანის მოყვარული მომხმარებლებისთვის. დიზაინი და შესრულების ხარისხი იდენტურია Deluxe მოდელისა და უფრო თხელიც კია 0.7 მილიმეტრით. სმარტფონი გათვლილია დიდ ეკრანზე ფილმების ცქერის მოყვარულებისთვის და ეფექტის გაძლიერებისთვის სტერეოდინამიკებიც კი არის ჩაშენებული.
მნიშვნელოვნად გაზრდილია აკუმულატორის მოცულობა 4600 მილიამპერამდე. მწარმოებელი გვპირდება, რომ გარდა სწრაფი დამუხტვისა, გაჯეტი ვიდეოს დაკვრის რეჟიმში ავტონომიურად 11,5 საათი იმუშავებს. აქაც USB-Type C პორტი გამოიყენება, მაგრამ განსხვავებით Deluxe-ისგან მას USB 3.0-ის ნაცვლად USB 2.0 სტანდარტის მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია HDMI ადაპტერის მიერთება, რომ გამოვიყვანოთ გამოსახულება პროექტორზე ან ტელევიზორზე.
არ გამოიყენება ტოპ ჩიპსეტი, მაგრამ რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 620, 1.8 გიგაჰერცი სიხშირით და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება და სრულიად საკმარისია მაღალი წარმადობისთვის, ამიტომაც Android 6.0 და საკმაოდ მძიმე Asus ZenUI თავისუფლად მუშაობს.
Zen Fone 3
ჩვეულებრივი ZenFone 3-ის მონაცემები ასეთი სიახლეების შემდეგ თავიდანვე ისეთივე შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ 249 დოლარი ყველაზე სუსტი კონფიგურაციისთვის ნამდვილად კარგი ფასია. რას მიიღებთ ამ ფასში? რაც მთავარია, მომხიბლავ კორპუსს მეტალის ჩარჩოთი და შუშის უკანა პანელით. ასევე არის თითის ანაბეჭდების ისეთივე სკანერი, როგორც Deluxe-ში.
Zen Fone 3 ყველაზე კომპაქტურია განხილულ მოდელებს შორის, მაგრამ მას მაინც 5,5–დუიმიანი ეკრანი აქვს. IPS ეკრანის გარჩევადობა აქაც FullHD, 1920×1080 პიქსელია. ტექნიკური მონაცემებიც მძლავრი საშუალო დონის სმარტფონის შესაბამისი აქვს. გამოყენებულია რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 625, 2 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირით და 4 გიგაბაიტი ოპერტიული მეხსიერება ყველაზე წარმად კონფიგურაციაში, რომელსაც 64 გიგაბაიტი საცავი აქვს.