14 მაისიდან საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში კომპანია Blender-ის მიერ პროექტი „სტარტაპ შეხვედრები“ (Startup Meetups) ხორციელდება.
პროექტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი კინწურაშვილს გავესაუბრეთ:
-პროექტი მიზნად ისახავს გამოცდილი და დარგის პროფესიონალი ადამიანების მიერ სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო საკითხებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებას დამწყები/პოტენციური სტარტაპერებისთვის.
შეხვედრები იმართება კვირაში ორჯერ პანელური დისკუსიის ფორმატით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მონოლოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მიმდინარეობს. პირველ შეხვედრაში „ექს-გუგლერი“ კრისტოფერ ფონგი (Christopher Fong) მონაწილეობდა.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. პროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ტექნოპარკისა და Blender-ის ფეისბუქ გვერდების საშუალებით. ასევე შესაძლებელია სიახლეების გამოწერა Blender-ის ვებგვერდზე (www.blender.ge).
–ამ ეტაპზე რამდენად გაამართლა სტარტაპებისადმი სააგენტოს მხარდაჭერამ და აქვთ თუ არა მათ შანსი, საქართველოს ბაზრის გარდა, საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვონ წარმატება?
-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ უწყობს ხელს დამწყებ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესს. სააგენტოს ბენეფიციარებს შორის უკვე არის კომპანიები, რომლებიც საზღვარგარეთის ბაზარზე წარმატებით ოპერირებენ, ყიდიან პროდუქციას დუბაის, ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული სტარტაპების უმეტესობა დამწყებ ეტაპზეა. სააგენტოს პროექტებში დღემდე რამდენიმე ათეული სტარტაპია ჩართული. მათგან გამოირჩევა კომპანიები ვირტუალური რეალობის, კომპიუტერული თამაშების წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით.