საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოწოდებულ როუტერებს ან სულაც კმაყოფილდება მარტივი All-in-one ქსელური მოწყობილობით, რომელიც თავის თავში აერთიანებს როუტერს, სვიჩს და Wi-Fi access point-ს. თუმცა ამ დასაკონფიგურირებლად და გამოსაყენებლად მეტად მარტივ მოწყობილობებს ერთი ძირითადი ნაკლი გააჩნიათ: სწორხაზოვნება. მათი პროგრამული და აპარატურული მოდიფიცირება/ გაუმჯობესება უმეტეს შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ისეთი ალტერნატივები, როგორებიცაა პროგრამული ფაერვოლები (ზოგი მათგანი სრულიად უფასოა) და მათი დეველოპერების მიერ წინასწარ გამზადებული აპარატურული კომპლექტები პროგრამული უზრუნველყოფითა და მხარდაჭერით. ერთ-ერთი ასეთი ქმნილება გახლავთ pfSense SG-2440. ეს ერთი შეხედვით მინიკომპიუტერი, რეალობაში საკმაოდ მძლავრ და რაც მთავარია, მოქნილ ქსელურ მოწყობილობას წარმოადგენს ფაქტობრივად უსაზღვრო პროგრამული შესაძლებლობებით.
pfSense SG-2440-ის გახსნის შემთხვევაში (რაც ძალიან მარტივია), აღმოვაჩენთ, რომ იგი მთლიანად პასიურ გაგრილებაზეა და არანაირი მოძრავი ნაწილი მის კორპუსში არ მოიძიება. ეს, ერთი მხრივ, გამორიცხავს ხმაურს და მტვრის ჭარბად დაგროვებას, მაგრამ მეორე მხრივ, გადახურების საფრთხეს მკვეთრად ზრდის. pfSense SG-2440-ის „გულს“ Intel Atom სერიის ორბირთვიანი პროცესორი წარმოადგენს, რომელიც 1.7 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობს. ამ ტიპის და ამ სეგმენტზე გათვლილი მოწყობილობისთვის მისი სიმძლავრე სრულიად საკმარისია. ოპერატიული მეხსიერების სლოტს 4 გიგაბაიტი მოცულობის DDR3L ტიპის მოდული იკავებს, ხოლო ფლეშ მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტია და იგი დედაპლატაზეა ინტეგრირებული.
მათთვის, ვისაც pfSense SG-2440-თან დაკავშირებით უფრო სერიოზული გეგმები აქვთ, ვიდრე მისი უბრალო როუტერად მუშაობაა, გათვალისწინებულია ერთადერთი mSATA სლოტი, რომელზე თავისუფლად შეიძლება SSD-ს მიერთება და მისი გამოყენება სხვადასხვა პროგრამული პაკეტების დასაინსტალირებლად. დედაპლატაზე ასევე შეინიშნება ერთადერთი SATA პორტიც, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, თუ სად უნდა მოთავსდეს მყარი დისკი (თუნდაც 2.5–დუიმიანი) და საიდან უნდა გაჩნდეს კონექტორი მისი დენით უზრუნველყოფისთვის. ორი mini PCIe სლოტი კი ავტომატურად ორი Wi-Fi მოდულის დაყენების საშუალებას გვაძლევს. საკმაოდ საინტერესო პროექტის აწყობაა შესაძლებელი ამ კომბინაციით.
pfSense SG-2440-ის მთელი სული და გული მასზე დაინსტალირებული ოპერაციული სისტემაა. pfSense პროგრამული ფაერვოლი (და არა მხოლოდ) ეფუძნება საიმედოობითა და დაცულობით სახელგანთქმულ FreeBSD-ს, რომელიც UNIX ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მისი კონფიგურირება, საბედნიეროდ, ვებ ინტერფეისით ხორციელდება და ეს ოდნავ მაინც უადვილებს საქმეს დამწყებ მომხმარებლებს, თუმცა არა ბოლომდე. ერთი შეხედვით იმდენი სახის კონფიგურაციის მიცემა ხდება შესაძლებელი, რომ ქსელებში გარკვეული ადამიანის მეტი ამ სისტემას სრულყოფილად ვერავინ დააკონფიგურირებს, მაგრამ შესანიშნავი community-ს და შესაბამისად კარგი მხარდაჭერის იმედზე ნამდვილად შესაძლებელია ყოფნა. საწყის ეტაპზე ხდება 4–გიგაბიტიანი Ethernet ინტერფეისისთვის WAN ან LAN ინტერფეისის როლის მინიჭება, IP მისამართების გაწერა, მომხმარებლების შექმნა/უფლებების მინიჭება და ა.შ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემაში Proxy სერვერის ინტეგრირება Squid მოდულის მეშვეობით და სხვ.