განახლებადი ენერგია უკვე რამდენიმე წელია აქტუალურობას არ კარგავს და უფრო მეტიც, მსოფლიოს განვითარებული ნაწილი მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება და ჩაანაცვლოს ისინი ენერგიის ალტერნატიული წყაროებით. ზოგადად განახლებადი ენერგიის სამი ძირითადი წყარო მოიაზრება: მზე, ქარი და წყალი. შორეულ და არც ისე შორეულ პერსპექტივებში სამივე მათგანი ათვისებადია და ამაზე უკვე საკმაო ხანია მიდის მუშაობა. ამჯერად ქარის ენერგიის გამოყენებად ელექტროენერგიად გარდაქმნის ერთ მეტად საინტერესო კონცეპტზე მოგითხრობთ, რომელიც თავისი არსით ინოვაციურია.

post-87-0-88237000-1430236972

ქარის გენერატორები უკვე მრავალი წელია აქტიურად გამოიყენება და ალბათ ყველა თქვენგანს უნახავს უდაბნოში ათობით ჰექტარზე გაშლილი უზარმაზარ პროპელერიანი გენერატორები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და არც ისე ცოტას. მაგრამ ამ მეტად ეფექტურ მოდელსაც მოუძებნეს ალტერნატივა ნიუ იორკში მომუშავე კომპანია Atelier DNA-ს სპეციალისტებმა. Windstalk თავდაპირველად აბუ დაბიში Masdar City-სთვის იქნა შემუშავებული, თუმცა გამართლების შემთხვევაში იგი სავარაუდოდ სხვაგანაც იქნება გამოყენებული. სპეციალისტების გათვლებით ეს ტექნოლოგია წარმადობით უნდა გაუთანაბრდეს უკვე მრავალგზის გამოცდილ პროპელერებიან ქარის ტურბინებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია დიზაინერებისა და ინჟინრების ეს მეტად საოცარი და ამავდროულად ეფექტური თანამშრომლობა და მისი შედეგი. Windstalk-ის ფუტურისტული კონსტრუქცია რომელიმე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან გადმოტანილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას, თუმცა იგი პრაქტიკულად მუშაობს და ამავდროულად ეფექტურადაც. Windstalk ნახშირბადის ბოჭკოთი გამყარებული რეზინის სვეტებს წარმოადგენს, რომლებიც 55 მეტრი სიმაღლისაა და 10-დან 20 მეტრამდე დიამეტრის მქონე ბეტონის პლატფორმებზეა დამაგრებული. ასეთის სვეტი კი სულ 1203 გახლავთ. მათი სიგანე საფუძველთან 30 სანტიმეტრს შეადგენს და დაბოლოებაში კი ეს მაჩვენებელი 5 სანტიმეტრამდე მცირდება. თითოეული სვეტის ბოლოს დამაგრებულია კერამიკული პიოზოელექტრული დისკოები. დისკოებს შორის არსებულ ელექტროდებზე მიერთებულია მავთულები შემდეგი პრინციპით: ერთი კენტ ელექტროდებზე, მეორე კი – ლუწებზე. ისინი სვეტის მთელ სიგრძეს მიუყვებიან. როდესაც ქარი სვეტებს არხევს, დისკოები იჭირხნებიან და ელექტროდებში გენერირდება დენი. თითოეული სვეტის ბოლოში კი ასევე დამაგრებულია LED ნათურები, რომლებიც რეაგირებენ სვეტის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის სიმძლავრეზე და შესაბამისად ინთებიან უფრო კაშკაშად ან პირიქით. როდესაც ნათურები ჩამქრალია, ე.ი. Windstalk ქარის მეშვეობით ენერგიას არ გამოიმუშავებს. ერთობ პრაქტიკული და ამასთან სანახაობრივი მიგნებაა.

dario_nunez_ameni_day_overveiw-2

მაგრამ ინჟინრები არ დაკმაყოფილდნენ Windstalk-ის მიწისზედა ნაწილის ეფექტურობით და რათა უკეთ აეთვისებინათ ქარის ენერგია, საძირკველში განალაგეს გენერატორები, რომლებსაც სვეტის რხევისას წარმოშობილი ენერგიით ცილინდრებში გადაადგილებული წყლის კინეტიკური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა ევალებათ. ამას ემატება ენერგიის გამომუშავების კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ქარზე არ არის დამოკიდებული და ქარის მიერ გადაცემული ენერგიის შენახვას ემსახურება. სქემა შემდეგში მდგომარეობს: თითოეული პლატფორმის ქვეშ ორი კამერაა განთავსებული და როდესაც მიწისზედა სვეტები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ამ ენერგიის ნაწილი ტუმბოებს ხმარდება, რომლებიც ქვედა კამერიდან წყალს ზედა კამერაში ექაჩებიან. როდესაც ქარის სიმძლავრე იმ დონემდე ეცემა, რომ Windstalk-ის მიწისზედა ნაწილი ვეღარ მუშაობს, სისტემა ზედა კამერიდან წყალს ქვედა კამერის მიმართულებით უშვებს და გენერატორებს ამუშავებს, რომლებიც თავის მხრივ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

ამ დროისათვის Windstalk მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი თითქმის სრულად ავტონომიური და ეფექტური განახლებადი ენერგიის შეგროვების წყაროა, მის რეალობად ქცევას ბევრი არაფერი უნდა უშლიდეს ხელს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here