ბოლო რამდენიმე თვეა სამეცნიერო წრეები აქტიურად საუბრობენ UG-ლიმესის რობოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემიის მოსწავლეების – გიორგი ჯლანტიაშვილის, ბექა აბულაშვილისა და ლაშა თელიას გამოგონებაზე, რომლითაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაინტერესდა.

ჩვენ ბიჭებსა და აკადემიის ხელმძღვანელს, ლევან გაბისონიას შევხვდით და „იუნივერსალ მეტერის“ შესახებ გავესაუბრეთ.

ლაშა თელია:

-მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა UG-ლიმესის აკადემიაში გავიარეთ პროგრამა „შეიმეცნე ელექტრონიკა,“ რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკის, ელექტრონიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, რობოტიკის პოპულარიზაციას მოზარდებს შორის, ინოვაციური მოწყობილობის შექმნა გადავწყვიტეთ. ასე გაჩნდა „იუნივერსალ მეტერი,“ რომელიც სხვადასხვა ობიექტის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. იგი შეიძლება დამონტაჟდეს ხიდებსა და მეწყერსაშიშ ზონებში, ასევე, იმ ისტორიულ ძეგლებზე, რომლებიც დაუსახლებელ ადგილებში მდებარეობს და ამის გამო მათი დაცვა გაძნელებულია.

ბექა აბულაშვილი:

-„იუნივერსალ მეტერი“ ბაზირებულია აქსელერომეტრზე. ეს არის მოძრაობის აჩქარების ან შენელების გასაზომი ხელსაწყო. მაგალითად, თუკი მოწყობილობას დავდგამთ ხიდზე, რომელზეც მანქანის გავლის შემდეგ ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული რხევები, ხიდის დაზიანების შემთხვევაში შეცვლილ რხევებს „იუნივერსალ მეტერი“ დააფიქსირებს და აღნიშნულ ინფორმაციას SMS-ის სახით მიაწვდის შესაბამის სამსახურს.

გიორგი ჯლანტიაშვილი:

-მოწყობილობას დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ვქმნიდით. მისი აწყობა ძალიან იაფი დაგვიჯდა (თუმცა გარკვეული დეტალების ინტერნეტით გამოწერა მოგვიხდა, რადგან ისინი ჩვენს ბაზარზე არ იშოვებოდა), რაც იმას ნიშნავს, რომ „იუნივერსალ მეტერი“ სამომავლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, სავარაუდოდ, მისი ღირებულება 10 დოლარს არ გადააჭარბებს. ამჟამად მოწყობილობა პროტოტიპის სახით არსებობს და მის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ.

ლევან გაბისონია:

-შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ბიჭების გამოგონება მსოფლიო დონის ინოვაციაა, რადგან აქსელერომეტრზე ბაზირებული მსგავსი მოწყობილობა არსად არ არსებობს. „იუნივერსალ მეტერი“ ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა ამ დროისთვისაც მისი ყველა ფუნქცია სრულად და გამართულად მუშაობს. აქვე მადლობა უნდა გადავუხადოთ თორნიკე ჭაბუკიანს, UG-ლიმესის აკადემიის პროგრამების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც ბიჭებს იდეის პროექტად ქცევაში დაეხმარა. სხვათა შორის, ბიჭებმა ცოტა ხნის წინ მოწყობილობას მიუერთეს მზის პანელიც, რათა მას ავტონომიური კვება ჰქონოდეს ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ჭირს. ამჟამად ვემზადებით მოწყობილობის საველე პირობებში გამოსაცდელად. რაც შეეხება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მათ „იუნივერსალ მეტერის“ საკუთარ მილსადენებზე დამონტაჟების სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მოწყობილობა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში მოხვდა, რადგან თურმე საქართველოში ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მილსადენის მწყობრიდან უცაბედი გამოსვლა, ვიბრაციის მომატება და ა.შ. კორპორაციამ გამომგონებლებს პროექტის გაგრძელებისთვის მხარდაჭერა შესთავაზა. აქვე დავძენ, რომ „იუნივერსალ მეტერი“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა  საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს ფინალში მოხვდა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here