ჟურნალი „ნავიგატორი“ ასრულებს დანაპირებს და ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის, „სტარტაპ საქართველო“-ს მაღალტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებულების თქვენთვის გაცნობას იწყებს. ნომრის სტუმარია სტარტაპი Cnick, რომლის მიერ შექმნილი ხის ჭკვიანი ბეჭდის საშუალებითაც მომხმარებელი განახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში, გარდა ამისა, ბეჭედზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ორგანიზაციის საშვის მიმაგრება და პერსონალური ინფორმაციის ინტეგრირება.

გიორგი მიქაცაძე, სტარტაპ Cnick-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი:

-პროექტის იდეა უნივერსიტეტში არსებულ საშვების სისტემასთან ყოველდღიური შეხების შედეგად გაგვიჩნდა. სასწავლებელში მოსახვედრად საშვის მუდმივად ძებნა რომ არ დაგვჭირვებოდა, გადავწყვიტეთ, ისეთი რამ შეგვექმნა, რაც ხელის ერთი მოძრაობით გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა. შემდეგ დავიწყეთ სხვადასხვა ბარათების დადნობა და მასში არსებული RFID თაგის 3D პრინტერით ამობეჭდილ ბეჭედში განთავსება. ამ ბეჭდით ვიხდიდით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. როცა ამ ნივთით ხალხის აღფრთოვანება შევამჩნიეთ, მის მასობრივ წარმოებაზეც დავფიქრდით.

-თქვენი გუნდის შესახებ მოგვიყევით და რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით პროტოტიპზე?

-მენეჯმენტის გუნდში თავისუფალი უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი ვართ (ოპერაციების დირექტორი – გიორგი მიქაცაძე, აღმასრულებელი დირექტორი – დავით კვიციანი, ფინანსური დირექტორი – კობა ცერცვაძე, მარკეტინგის დირექტორი – ნინო გვაზავა, ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორი – ნიკა ჩხარტიშვილი), თუმცა პროექტზე ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერიც მუშაობს. ხუთივე სტუდენტი კურსელები ვართ, აქედან ოთხი ბიზნესის ადმინისტრირების (ESM) და ერთი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე (MACS) ვსწავლობთ. მესამე კურსზე ერთ ჯგუფში მოვხვდით. დამეგობრების შემდეგ ერთმანეთს სხვადასხვა იდეებს ვუზიარებდით, ვეძებდით გამოსავალს იმ პრობლემებიდან, რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდებოდა. Cnick-ის იდეის გაჩენის შემდეგ, საჭირო გახდა შეგვექმნა გუნდი, რომელიც, გარდა იდეების გენერირებისა, დროს დაუთმობდა კონკრეტული პროექტის გაწერასაც და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროტოტიპის შექმნას. ამ ყველაფრის ჩამოყალიბების შემდეგ, დავიწყეთ დაფინანსების მოძიება და უშუალოდ პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა. ბეჭედზე 2015 წლის ნოემბრიდან ვმუშაობთ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ მის განვითარებას, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით.

-რას ნიშნავს Cnick?

-არაფერს განსაკუთრებულს. ბეჭდის სახელწოდებად ისეთი სიტყვა შევარჩიეთ, რომელიც არაფერთან ასოცირდება და მარტივია წარმოსათქმელად, ამიტომაც არის, რომ იგი მომხმარებელმა მალევე აიტაცა.

-რა მასალისგან და სად მზადდება ბეჭედი და როგორ იქმნება დიზაინი?

-Cnick-ი ერთადერთი ჭკვიანი სამკაულია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან მზადდება. საწარმოო პროცესისთვის ამჟამად რუსთავში გვაქვს ფართი გამოყოფილი, სადაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ქმნიან ხელნაკეთ ჭკვიან ბეჭედს. დიზაინს რაც შეეხება, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს იგი, დაიტანოს მასზე ნებისმიერი წარწერა, აირჩიოს ფერი და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შეხვედრები დიზიანის სფეროში გამოცდილ ადამიანებთან, რომლებიც გვეხმარებიან ოპტიმალური ფორმისა და ვიზუალის შემუშავებაში, რათა ჩვენი ბეჭედი უფრო მიმზიდველი გავხადოთ.

რა ფუნქციები აქვს მოწყობილობას და აქვს თუ არა ანალოგი მსოფლიოში?

-Cnick-ი არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. იგი ასევე ინახავს მომხმარებლის პირველად სამედიცინო ინფორმაციას (მაგ: სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები და ა.შ.). ამ ფუნქციის მეშვეობით ბეჭედს მისი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. Cnick-ი ასევე ითავსებს აბონიმენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციას, რითაც სრულიად ანაცვლებს საფულეს. მოწყობილობისთვის ვწერთ აპლიკაციასაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიამაგროს ფაილები საკუთარ ბეჭედზე, შეინახოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია და, მაგალითად, სავიზიტო ბარათის დანიშნულებით გამოიყენოს იგი. მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტები, რა თქმა უნდა, გვყავს, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. საერთაშორისო ბაზარზე ორ კონკურენტს განვიხილავთ, NFC RING-სა და KERV-ს.

რა არის მოწყობილობის საბაზრო ღირებულება და როდის გაიყიდება იგი?

-იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვართ და ჩვენთვის გაურკვეველია იმ ხარჯების ჯამური რაოდენობა, რომელიც პროდუქტისთვის საბოლოო სახის მისაცემად იქნება საჭირო, მისი საბოლოო საბაზრო ფასი დაზუსტებული არ გვაქვს. Cnick-ზე შეკვეთების მიღებას 2017 წლის იანვრის ბოლოდან ვგეგმავთ.

-რამდენად არის დაცული Cnick-ის მფლობელის პერსონალური მონაცემები?

-უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. ამის უზრუნველსაყოფად ვავითარებთ აპლიკაციას, რომელსაც შეეძლება ბეჭდის ონლაინ დეაქტივაცია დაკარგვის შემთხვევაში. კერძოდ, მომხმარებელი ჩვენი აპლიკაციის ან საიტის მეშვეობით გათიშავს იმ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც ჩვენს ბეჭედში იქნება ჩაწერილი.

-და ბოლოს, „სტარტაპ საქართველო“-ში გამარჯვების მნიშვნელობის შესახებ.

-სტარტაპის დაარსების დღიდან სხვადასხვა დაფინანსების მოპოვებას ვცდილობთ, ჩვენი პროექტი უფრო სწრაფი ტემპით რომ განვავითაროთ. „სტარტაპ საქართველო“-მდე რამდენიმე კონკურსში გამარჯვებით 20 000 ლარი მოვიგეთ, თუმცა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ეს პროექტი საშუალებას გვაძლევდა საკმაოდ სოლიდური თანხა მოგვეპოვებინა და, რაც ყველაზე მთავარია, მიგვეღო გამოცდილება Silicon Valley-დან მოწვეული სპეციალისტებისგან. ერთკვირიანმა ტრენინგებმა დიდი გამოცდილება მოგვცა ბაზრის კვლევის, საწარმოო თავისებურებების გამოვლენის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და სტარტაპის სწრაფი განვითარების კუთხით.

 „სტარტაპ საქართველო“-ს კონკურსში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ იდეის განხორციელებისთვის საჭირო პირობები შეგვიქმნა. უპირველესად გადმოგვცა დაფინანსება და დაგვაკავშირა ამერიკელ ექსპერტებთან, რომლებიც კონკურსის შემდგომი 3 თვის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწევენ ჩვენს პროექტს. ეს პროცესი იქნება რეგულარული ხასიათის და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პროექტი მიიღებს ბიზნესის განხორციელებისა და სწრაფი ზრდისთვის ხელშემწყობ სხვადასხვა რჩევებს, Silicon Valley-ს ვენჩორული კაპიტალისტების გამოცდილებასა და მითითებებს. სამთვიანი კომუნიკაციის შემდეგ მოხდება პროექტების ხელახალი გადარჩევა და რამდენიმე მათგანს მიეცემა საშუალება გაემგზავროს Silicon Valley-ში და საკუთარი იდეა ამერიკელი ინვესტორების წინაშე წარადგინოს შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნით. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ მისი საერთაშორისო რეალიზაცია.

აქვე დავამატებ, რომ 2016 წლის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ Seed Forum-ში და გავიმარჯვეთ. ამ პროექტის ფარგლებში გავემგზავრებით ნორვეგიაში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა ევროპელ ინვესტორებთან წარვადგინოთ ჩვენი პროექტი და დამატებითი ინვესტიცია მოვიზიდოთ პროდუქტის განსავითარებლად. ასევე, დეკემბერში მონაწილეობა მივიღეთ Startup Market Expo-ში და Cnick-ი დამთვალიერებლებს წარვუდგინეთ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროდუქტზე და ადგილზე გაკეთებული სიმულაციების მეშვეობით თვალნათლივ ენახათ მისი გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here