იმისთვის, რომ უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყოს სასწავლო მასალა, მით უფრო საბუნებისმეტყველო საგნებში, მასწავლებლები გაკვეთილებზე შეძლებისდაგვარად უკვე იყენებენ ვიზუალურ საშუალებებს, მაგრამ მოსწავლეებმა დამოუკიდებლადაც რომ შეძლონ მიღებული ინფორმაციის უკეთ გააზრება, ამაში მათ აპლიკაცია GuzX დაეხმარება, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს.

ნიკა დევაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი:

-აპლიკაციის შექმნის იდეა საქართველოს სკოლების უმრავლესობაში იმ ინვენტარის უქონლობამ შთაგვაგონა, რომელიც ამა თუ იმ საგნის უკეთ შემეცნებას ემსახურება, მაგალითად, მოსწავლეები ხშირად ვერ ნახულობენ, როგორ ტარდება ქიმიური რეაქციები, როგორ მუშაობს ფიზიკის კანონები, როგორია ადამიანის ანატომია და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ბავშვებს ერთულებათ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა და მათ მიმართ ინტერესს კარგავენ. ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით ისინი Augmented Reality-ში ჩაატარებენ, მაგალითად, იმ ქიმიურ ცდებს, რომლებიც სახელმძღვანელოში აქვთ მოცემული, ნახავენ, როგორ გამოიყურება მზის სისტემა და მრავალი სხვა. საბოლოოდ, ეს აპლიკაცია ისეთი დარგების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, როგორებიცაა: ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ასტრონომია და ა.შ.

აპლიკაციაზე ვმუშაობდით მე (ვარ 128-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე), თედო მახარაძე (თსუ-ის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი) და გიორგი ძავაშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი). აპლიკაციის პროტოტიპი 3 კვირაში დავამზადეთ, შემდეგ კი მის დახვეწასა და ახალი ფუნქციების დამატებაზე ვმუშაობდით.

აპლიკაციის სახელწოდებად GuzX იმიტომ შევარჩიეთ, რომ Guz ის ერთ-ერთი საზომი ერთეულია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ ძველი დროიდან იყენებენ, X კი – ამ შემთხვევაში აღნიშნავს უარყოფას. ამ ორი სიტყვისა და აპლიკაციის მთავარი იდეის შეერთებით ვამბობთ, რომ განათლებას საზომი არ აქვს.

            რაც შეეხება იმას, თუ როგორ მუშაობს GuzX, მოსწავლე სახელმძღვანელოში სურათს მიუახლოებს იმ მოწყობილობის კამერას, რომელშიც აპლიკაციაა ჩატვირთული და შედეგად რამდენიმე წამში თვალს მიადევნებს, მაგალითად, ქიმიური რეაქციის სივრცით გამოსახულებას, დაათვალიერებს მზის სისტემას და ა.შ.

            ჩვენი მიზანია, ამ აპლიკაციის გამოყენება, რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა და სკოლამ შეძლოს, მაგრამ ვფიქრობთ, განათლების სამინისტროს ჩვენი გამოგონებით დაინტერესება და შემდეგ მისი ამ პროექტში ჩართვა ბევრად წინ წაგვწევს. ამ თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება მონაცემების წიგნებში ჩამონტაჟება, რაც, თავის მხრივ, სასწავლო პროგრამას მრავალფუნქციურს გახდის.

წინა სტატიაJelly – ყველაზე პატარა სმარტფონი
შემდეგი სტატიაMicrosoft Edge-ის დაცულ ვერსიას ატესტირებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი