თბილისის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.
ცენტრი აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის, უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.
ცენტრის გახსნისას ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა სუ ბიუნგ ჯომ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
„ასეთი საინფორმაციო ცენტრები საქართველოში ბევრი გაიხსნება. ეს არის ადგილი, რომელიც უსინათლოებსა და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებს, სხვა მოქალაქეების მსგავსად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესი. ინტერნეტის საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება თითოეული სოფლის ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულობა და ასევე განათლების ხარისხი.“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.