რამდენიმე დღის წინ გამოსული OnePlus 5 უკვე გაეხვა ერთ სკანდალში სადაც XDA-ს სპეციალისტები კომპანიას ბენჩმარკების მოტყუებაში ადანაშაულებდნენ. ახლა უკვე სკანდალის მეორე სერია დაიწყო სადაც მომხმარებლებმა ეჭვი შეიტანეს კომპანიის კეთილსინდისიერებაში, როცა ორმაგ ზუმზე საუბრობდნენ ხარისხის დაკარგვის გარეშე.
კომპანია OnePlus არ მალავს, რომ ორმაგი კამერის იდეა Apple-ისგან ისესხა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოვიდა iPhone 7 Plus ორმაგი კამერით, სადაც ერთი ობიექტივი 28 მილიმეტრიანი ფოკუსით, ხოლო მეორე 56 მილიმეტრიანი ფოკუსით გამოირჩევა. ამის წყალობით მომხმარებელს შეუძლია ორმაგი ზუმით გადაიღოს ფოტო და ამავდროულად ხარისხი არ დაკარგოს. OnePlus-ის პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიამ თქვა, რომ მათ სმარტფონსაც შეუძლია ორმაგი ზუმი გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე, რომელიც ოპტიკური ზუმისა და SmartCapture-ის წყალობით ხორციელდება.
მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ OnePlus 5-ის ორივე სენსორს 4,1 მილიმეტრიანი ფოკუსური მანძილი აქვს და სენსორების სხვა და სხვა ზომის გამო კონვერტირდებიან 24 და 32 მილიმეტრში შესაბამისად. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოპტიკური ზუმი ერთი სენსორიდან მეორეზე გადართვისას მხოლოდ 1,33X-ია. ამავდროულად კომპანიის დამფუძნებელმა კარლ პეიმ Twitter-ში დაწერა, რომ OnePlus 5-ში გამოიყენება 1,6-ჯერადი პტიკური ზუმი ხოლო დარჩენილი 0,4X-ს ისინი რამდენიმე კადრის ერთმანეთზე გადადებით SmartCapture ტექნოლოგიით იღებენ.
Seen a bit of confusion so clearing this up. We're claiming 2x lossless zoom, not optical.
— Carl Pei (@getpeid) June 21, 2017