კომპანია Vrex-ი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სპეციალურ აპლიკაციაზე და მის სადემონსტრაციო მოწყობილობაზე მუშაობს, რომელიც იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე იქნება ორიენტირებული, რომლებსაც ეტლის დახმარებით შეუძლიათ გადაადგილება. ეს აპლიკაცია ძირითადად მობილურები ტელეფონებისათვის იქნება ხელმისაწვდომი და ასევე დამზადდება სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც დამონტაჟდება ადვილად მისადგომ ადგილებში.
„ჩვენ მუდამ ვატარებთ ცდებს, რომელიც ბიზნეს მოდელის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე აღნიშნული აპლიკაციის ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, საჭიროა მხოლოდ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზეა დამოკიდებული.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Vrex-ის CEO-მ ნიკა როსტომაშვილმა.
კომპანია Vrex წარმოადგენს ტექნოლოგიურ სტარტაპს. მათ შექმნეს ტურისტული ადგილების საპრეზენტაციო ინტერაქტიული აპლიკაცია და ასევე, ამ აპლიკაციის სადემონსტრაციო მოწყობილობა, რომლის გამოყენებას ტურისტულ კომპანიებს და სხვა, ტურისტული ადგილების პოპულარიზაციით დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობენ.