ჩვენ ვიცით, რომ მზის ენერგიას კარგად გამოიმუშავებს პანელი, რომელსაც მზის სხივები 90 გრადუსიანი კუთხით ეცემა. ასევე ვიცით, რომ არსებობს პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმები, ე.წ. ტრეკერები, რომელთა დახმარებით პანელი ზუსტად მიჰყვება მზეს, მაგრამ ყველა მათგანი მოიხმარს ელექტრო ენერგიას.
ხონის საგამომგონებლო კლუბში დაისვა ამოცანა, რომ ელექტრო ენერგიის მოხმარების გარეშე უნდა განხორციელებულიყო პანელების მობრუნება.
სწორედ ამიტომ, ხონის საგამომგონებლო კლუბში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ კოტიშაძემ და მისმა 2-მა მოსწავლემ – ლადო გოდოლაძე და ნია ფხაკაძემ მზის პანელის მოსატრიალებელი მექანიზმი, ე.წ. ტრეკერი შექმნეს, რომელიც არ მოიხმარს ენერგიას, მაგრამ პანელის შემოტრიალების ფუნქციას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Navigator-ი, sabavshvo.info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს არის მსოფლიოში ერთადერთი გამოგონება, როდესაც მზის პანელის მოსატრიალებელი მექანიზმი არ მოიხმარს ენერგიას, მაგრამ ფუნქციას ასრულებს.
პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა. პროექტმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, სადაც 12 საუკეთესო პოექტს შორის მოხვდა. შედეგად პროექტმა მოიპოვა გრანტი თუმცა, როგორც გამომგონებლები აღნიშნავენ, ეს თანხა საკმარისი არ არის პროექტის სრულყოფილებისთვის, რადგან გამოგონებას დახვეწა სჭირდება, ბევრი დეტალია რომელიც იდიალური უნდა გახდეს, რასაც კიდევ ფინანსები სჭირდება.
“თუ მოვიძიებთ თანხას, ამ გამოგონებას საბოლოოდ დავასრულებთ. ჩვენ არ ვჩერდებით, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და მუდამ მოქმედებაში ვართ. ვზრდით ახალგაზრდებს, რომ მათ გამოგონებები აკეთონ. ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს, რომ ადამიანებმა გამოგონებები, ინტელექტუალური საკუთრება შექმნან, რის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ჩამორჩენისთვისაა განწირული.
დადგება დრო, როცა არცერთი სახელმწიფო, არცერთი კომპანია და ადამიანიც კი, არაფრად ეღირება, თუ კი მას არ ექნება ინტელექტუალური საკუთრება. სწორედ ამაზეა დამყარებული დღეს მრავალი ქვეყნის სიძლიერე. თუ საქართველო ვერ შეძლებს ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს, ინტელექტუალური საკუთრების შექმნის შესახებ – იგი უიმედოდ ჩამორჩება.” – მიხეილ კოტიშაძე.