რა არის STEM-ი, რა მდგომარებაა ამ მიმართულებით და რა მნიშვნელობა აქვს STEM-ში გოგონების ჩართულობას – ამ საკითხზე ნავიგატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.
- რა არის STEM ?
- STEM ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს – Science, technology, engineering, mathematics.
- როგორია მდგომარეობა დღეს საქართველოში და გლობალურად?
- დღეს STEM მიმართულებით მსოფლიოში ნაკლები ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი. განსაკუთრებით პრობლემურია ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგები. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მიდის ამაზე საუბარი და ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები იმისთვის, რომ მეტი გოგო დაინტერესდეს STEM დარგებით.
- რატომ არის ასე აქტიურად STEM-ზე და მასში გოგოების ჩართულობაზე ლაპარაკი?
- ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, სულ უფრო იზრდება დასაქმების ბაზრის მოთხოვნა STEM სპეციალისტებზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგებში. ასევე, ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების გაძლიერება ხელს უწყობს სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას. ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს, სკოლებში გააძლიეროს STEM საგნები და მეტი ბავშვი დააინტერესოს ინჟინერიით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. ვინაიდან ამ დარგებში ჯერ კიდევ არსებობს გენდერული დისბალანსი, ამიტომ განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავენ გოგოების დაინტერესებაზე.
- როგორ დავაინტერესოთ მეტი გოგო?
- STEM მიმართულებით გენდერულ დისბალანსს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ეს არის ჯერ კიდევ გავრცელებული სტერეოტიპი, რომ მათემატიკა და ინჟინერია ქალებს უფრო ნაკლებად „გამოსდით“. ამ ტიპის სტერეოტიპები და შესაბამისი ფრაზები ამცირებს მოზარდი გოგოების თავდაჯერებას ე.წ. „ტექნიკური“ პროფესიის შერჩევისას. გარდა ამისა, ადამიანის ძირითადი ინტერესები ყალიბდება ბავშვობაში და მის განვითარებაზე საკმაო გავლენას ახდენს ის სათამაშოები და აქტივობები, რომელთაც აწვდიან უფროსები. საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო ქალის და კაცის განსხვავებულ გონებრივ შესაძლებობებსა და ინტერესებზე, გოგონებისთვის მიღებული სათამაშოები არის თოჯინები და როლური თამაშები, რაც ადამიანის ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ბიჭებისთვის – მანქანები და კონსტრუქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ინჟინერიით დაინტერესებას. შესაბამისად, იმისთვის, რომ გავზარდოთ გოგოების ჩართულობა STEM მიმართულებებში, აუცილებელია როგორც ქალის და კაცის პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპების აღმოფხვრაზე მუშაობა, ისე ბაღში და სკოლაში მეტი STEM აქტივობის შემოღება მოზარდი გოგოების დაინტერესებისა და თავდაჯერების გაზრდისთვის.
- სტემის თვალსაზრისით საქართველო რამდენად პერსპექტიული ქვეყანაა?
- საქართველოს ბევრი მოქალაქე წარმატებით მუშაობს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი საფუძველი STEM მიმართულებით. იმისთვის, რომ ეს საფუძველი სწორად გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია განათლების ისეთი სტრატეგიის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამედროვე მიდგომებს, შექმნის ხელსაყრელ გარემოს ამ მიმართულებით ინტერესების გაღვივებისა და ცოდნის მიღებისთვის.