მალე ძალიან მარტივი გახდება კორონავირუსის ტესტის ჩატარება. გეითსების ფონდის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან ა.შ.შ-ში სიეტლში (სადაც ყველაზე მეტი დაინფიცირებულია) გაუშვან პროდუქტი, რომელიც საშუალებას იძლევა სახლის პირობებში ჩატარდეს დიაგნოსტიკა. მომხმარებლებმა სპეციალურ კონტეინერში უნდა მოათავსონ ცხვირიდან გამონადენი და გააგზავნონ ანალიზისთვის ლაბორატორიაში, რომლის პასუხსაც ერთ ან ორ დღეში მიიღებენ. თუ ვინმე ინფიცირებული აღმოჩნება მათ მოუწევთ ონლაინ რეჟიმში კითხვარის შევსება, რათა დადგინდეს მათი ბოლო პერიოდში განხორციელებული მოგზაურობისა თუ სხვა პირებთან კონტაქტის დეტალები, რათა ისინიც შემოწმდნენ შესაძლო ინფიცირებაზე.
ტესტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას არ გავიდნენ სახლიდან, რითაც ვირუსის გავრცელება შემცირდება. ამავდროულად ეს გააუმჯობესებს ტესტირების პროცესს და მეტი მონაცემების შეგროვებას შეუწყობს ხელს. გეითსების ფონდის წარმომადგენელი სკოტ დოუელი მოელის, რომ დასაწყისისთვის ლაბორატორია შეძლებს დღეში 400-მდე ტესტის ჩატარებას, თუმცა მომავალში ეს რიცხვი ათასებს მიაღწევს.
ტესტი ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ახალი არ არის და წარსულშიც ხორციელდებოდა გრიპის სხვა სახეობების აღმოსაჩენად.
რა თქმა უნდა ეს არ იქნება ერთადერთი ტესტი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სფეროს მწარმოებელი ჯონათან როტბერგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან, რომ გამოვიდეს იაფი სახლის ტესტი, რომელიც ლაბორატორიის გარეშეც იფუნქციონირებს და მომხმარებლის სმარტფონზე გამოიტანს ანალიზის შედეგებს.
გეითსების ფონდის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია კორონავირუსთან ბრძოლაში და ის დაეხმარება მთელს მსოფლიოს დროულად შეიქმნას ვაქცინა და მკურნალობის ეფექტური საშუალებები.