Bloomberg-ის მონაცემებით ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების პირველ ათეულში უკვე აღარ შედის კორპორაცია Meta (ადრე Facebook). კომპანია მე-11 სტრიქონზე გადავიდა. პირველ ადგილზე კი რა თქმა უნდა Apple იკავებს.
Meta-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლის დასაწყისიდან 40%-ით დაეცა. ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სოციალური ქსელის Facebook-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გამოაცხადა. დაახლოებით 1 მილიონმა მომხმარებელმა დატოვა საიტი 2021 წლის მესამედან მეოთხე კვარტალამდე პერიოდში.
განცხადებამ გამოიწვია აქციების 26.4%-იანი ვარდნა მიმდინარე წლის 3 თებერვალს, რამაც Meta-ს კაპიტალიზაცია $240 მილიონით შეამცირა. Business Insider აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია უპრეცედენტოა შეერთებული შტატების კორპორატიულ ისტორიაში. კომპანიის ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება წლის დასაწყისიდან 124,8 მილიარდი დოლარიდან 78,8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
დღეისათვის Meta-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება კიდევ 13%-ით დაეცა. Bloomberg-ის მონაცემებით, კორპორაციის კაპიტალიზაცია 565,4 მილიარდი დოლარია, ორი კვირის წინ კი Meta-ს საბაზრო ღირებულება 612,2 მილიარდი დოლარი იყო, კომპანია Dow Jones-ის მიხედვით მერვე ადგილზე იყო.
Bloomberg-ის სიის პირველ სამეულში არიან Apple ($2.8 ტრილიონი), Microsoft ($2.2 ტრილიონი) და Aramco ($2 ტრილიონი). რეიტინგში მეათე ადგილზეა ჩინეთის Tencent 598,8 მილიარდი დოლარით, ის ერთადერთი ჩინური კომპანიაა ტოპ 10-ში და მეორე აზიური კომპანია TSMC-ის შემდეგ, რომელიც მეცხრეა 600,3 მილიარდი დოლარით.
გასული წლის დასაწყისში Tencent-ის კაპიტალიზაციამ დაიწყო $1 ტრილიონ დოლართან მიახლოება, მაგრამ ზაფხულში გამოცხადებულმა ჩინეთის ახალმა პოლიტიკამ IT გიგანტებთან დაკავშირებით შეამცირა მათი აქციების ღირებულება. შედეგად, Tencent და Alibaba გამოვარდნენ ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული გლობალური კომპანიებიდან.