როგორ აალაპარაკო მსოფლიოს სტარტაპ სამყარო შენს პროექტზე - ინტერვიუ ქარუს (Caru)-ს დამფუძნებელ ნიკა აბაშიძესთან
TechCrunch Disrupt ყოველწლიური სტარტაპ ფესტივალია, რომელიც TechCrunch-ის ორგანიზებით სან ფრანცისკოში იმართება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება გლობალურ სტარტაპ საზოგადოებას და სტარტაპერებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. TechCrunch Disrupt-ზე დასწრება ათასობით ახალბედა კომპანიას საერთაშორისო ფონდების ყურადღების ცენტრში აქცევს. რაც მონაწილეებს პარტნიორების შეძენაში და თანამშრომლობაში ეხმარება. სტარტაპერები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საუბრობენ მიღწევებზე, წინაღობებზე, გამოწვევებზე.
წლევანდელი ფესტივალი 18-20 ოქტომბერს გაიმართა. TechCrunch Disrupt-ზე ორი ქართული სტარტაპი ქარუ (Caru) და თენეო (Theneo) იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება კომპანია “ქარუს” დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ მიიპყრო. მან TechCrunch Disrupt-ზე მონაწილეობის სტენდი ვერ მიიღო, თუმცა სხვა გამოსავალი მოძებნა. ღონისძიებას დაესწრო და უამრავი ადამიანის ყურადღებაც დაიმსახურა. ნიკას ეცვა მაისური წარწერით – ARR $1.6M Gross Profit $570K (წლიური საშუალო შემოსავალი $1.6 მლნ – მოგება $570 ათასი). სწორედ ეს გახდა ფართო გამოხმაურების მიზეზი.
ნიკა აბაშიძემ “ნავიგატორთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. მისივე თქმით, TechCrunch Disrupt-ზე დასწრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.
- რამდენად მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე მოხვედრა და სტენდის დაკავება?
– ფესტივალი კალიფორნიაში ტარდება და მანამდე აქ მოხვედრის შანსი არასოდეს მქონია. მსახიობი რომ ჰოლივუდში მოხვდება, დაახლოებით ამას ჰგავს აქ ყოფნა. მნიშვნელოვანი ივენთია. ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური სამიტია. იაპონიიდან, აზიიდან , ევროპიდან ჩამოდის ხალხი. თავს უყრიან სტარტაპებს და ინვესტორებს.
სტენდი მინდოდა მქონოდა, მაგრამ ამაზე უარი მივიღე. ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა და ღონისძიებაზე დასასწრებად მოვდიოდი. რაღაცა ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რაც ყურადღებას მიიქცევდა.
- რა მიზეზით გითხრეს უარი?
– უარის მიზეზი, არასწორი “რევენიუ” გახდა. შემოსავალს და მოგებას ცოტას ვეუბნეოდი. ჩვენი საგადასახადო სისტემა ამათგან განსხვავდება. პატარა კომპანია ვეგონეთ და ამიტომაც სტენდის მიღებაზე უარი მომივიდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ აქ წარმოდგენილ სტარტაპებზე ბევრად დიდი ვარ. ამის გამოსწორების დრო აღარ დარჩა. ამიტომაც, მაისურზე ეს რიცხვები დავიწერე.
- ელოდით ასეთ გამოხმაურებას?
– გამოხმაურებას ველოდი, ბუნებრივია, თუმცა ამხელა გამოხმაურებას არა. ეს ორი დღეა აქ ყველაზე ცნობილი ადამიანი გავხდი. ხალხი მოდიოდა და სურათებს იღებდა. ერთმა სქრინებიც მაჩვენა, ერთმანეთს როგორ წერდნენ ჩემზე ჩათში.
ჩანაფიქრმა გაამართლა, რაც ძალიან მაგარია, რადგან აქ რთულია ყურადღება მიიქციო. ჩემნაირი ადამიანი ათასობით მოდის. საქართველოდან ჩამოსული სტარტაპი ნაკლებად აინტერესებთ. ყველა ერიდება, რადგან რეგიონზე ბევრი არაფერი იციან. შესაბამისად, დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
მაგრამ მაგარი რამ შევქმენით. მე და ერთი ქართველი გოგო ვართ და ყველა გვცნობს უკვე.
- შემოთავაზებები თუ მიიღეთ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით?
– კი, შემოთავაზებები იყო. თუმცა ამ ეტაპზე, ამაზე არ ვისაუბრებ. მოგვიანებით მოგიყვებით. ღონისძიება ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვერც წარმოვიდგენდით თუ ასეთი წარმატებული გამოდგებოდა აქ ყოფნა.
ნიკა აბაშიძემ კომპანია “ქარუ” 2018 წელს შექმნა. ეს არის ქართული ონლაინ-პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის მფლობელს შეუძლია ავტოასისტენტი გამოიძახოს და მანქანა შესაკეთებლად მას გაატანოს. დაარსებიდან დღემდე, სერვისს უამრავი მომხარებელი ჰყავს.
ნიკა საკუთარ ავტო ვლოგსაც უძღვება, სადაც მიმდევრებს ავტომობილის შესახებ სხვადასხვა კონტენტს სთავაზობს.